ISW: პუტინი რუსეთს ხანგრძლივი იმპერიალისტური ომისთვის ამზადებს

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ბოლო ანგარიშში  ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბოლო გამოსვლას აანალიზებს.

ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (როგორც კრემლი უწოდებს ომს უკრაინის წინააღმდეგ) არის „ხანგრძლივი პროცესი“ და მას ახალი ტერიტორიების შემოერთება  უნდა მოჰყვეს. „პუტინმა ხელსაყრელი პარალელები გაავლო საკუთარ თავსა და რუსეთის მეფე პეტრე I-ს შორის და აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რომლისთვისაც პეტრე დიდიც იბრძოდა“, – აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები.

„რუსეთის იმპერიული ისტორიის ხსენება ღიად აყალიბებს პუტინის ამჟამინდელ მიზნებს უკრაინაში, როგორც აშკარად იმპერიალისტურ და მაინც მაქსიმალისტურს“, – ნათქვამია რეზიუმეში.

გარდა ამისა, ამერიკელი ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ირანული წარმოების შაჰედის უპილოტო თვითმფრინავების უკრაინაში ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად გამოყენებაზე. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსულმა არმიამ ისინი კვლავ გამოიყენა ოთხშაბათს ღამით რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დნეპერზე, კიევის ოლქზე, პოლტავას, ჟიტომირისა და ზაპოროჟიეს რაიონებზე თავდასხმისთვის.

„რუსულმა ძალებმა, როგორც ჩანს, დრონების მოდიფიცირება მოახდინეს ცივ ამინდში გამოსაყენებლად და სავარაუდოდ  მათ უახლოეს კვირებში გამოიყენებენ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დასარტყმელად“, – წერენ ISW ექსპერტები ამასთან დაკავშირებით.

მანამდე უკრაინელი სამხედროები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთს შეაჩერებდა ირანული დრონების გამოყენებას, რადგან ისინი  ცივ ამინდში გამოსაყენებლად არ არის განკუთვნილი. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის არმიამ ამ პრობლემის მოგვარება მოახერხა.

„ISW-მ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ირანულ სისტემებს რუსეთის ზუსტი მართვადი იარაღის არსენალის ამოწურვის გამო“, – წერს ამერიკული ინსტიტუტი.