ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) რეგულარულ ანგარიშში წერს კრიტიკის უპრეცედენტო ტალღაზე, რომელიც ხერსონის ჩაბარების გამო ვლადიმერ პუტინის მიმართ აგორდა.
რუსი სამხედროების ხერსონიდან წასვლამ გამოიწვია იდეოლოგიური განხეთქილება ომის მომხრეებსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტნის შორის. უკანდახევამ შეარყია ნაციონალისტების ნდობა პუტინის ერთგულებისადმი მისი დაპირებებისა და მათი შესრულების შესაძლებლობის მიმართ. ISW ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ აგრესიული „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის პუბლიკაცია, რომელიც ღიად აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინს ხერსონის დათმობის გამო. პუტინს სულ უფრო უჭირს დაამშვიდოს თავისი ზოგიერთი რადიკალური მხარდამჭერი იმის გამო, რომ არ შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზნებს – უკრაინის მთავრობის დამხობასა და მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდებას, წერენ ISW ექსპერტები.
ნაციონალისტურად განწყობილი პროპაგანდისტები, როგორიცაა ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი, სულ უფრო და უფრო ხშირად ითხოვენ, რომ კრემლი და სამხედრო ლიდერები სრულად ჩაერთონ უკრაინის ომში. სოლოვიოვმა ხერსონის ჩაბარების შემდეგ სრული მობილიზაცია და არაკომპეტენტური თანამდებობის პირების თანამდებობიდან გათავისუფლებისკენაც კი მოითხოვა. ISW-ის თანახმად, ომის მომხრე საზოგადოებაში პუტინის ასეთი პირდაპირი კრიტიკა თითქმის უპრეცედენტოა და დუგინის ხმამაღალი და ღია თავდასხმები პუტინზე შეიძლება მიუთითებდეს ნაციონალისტურ იდეოლოგებში განწყობის ცვლილებაზე.
არხებმა, რომლებიც დაკავშირებულია დაქირავებულ მებრჯოლთა ჯგუფთან “PMC Wagner” ასევე გამოხატეს პრეტენზიები კრემლის მიმართ ხერსონის დაკარგვის გამო , რაც შეიძლება მიუთითებდეს უსაფრთხოების ძალების გავლენის შემდგომ ზრდაზე. ზოგიერთმა ბლოგერმა მიანიშნა, რომ კრემლმა ხერსონი „გაყიდა“ და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად თმობს ტერიტორიებს ხალხის უკითხავად. ხერსონიდან უკან დახევის გამო გაძლიერებული კრიტიკის პარალელურად ამ გადაწყვეტილებას დღემდე მხარდაჭერა აქვს სამხედრო ბლოგების საზოგადოებაში, აღნიშნავს ISW.
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობს ერთიან შეკრულ საბრძოლო ძალად – გააერთიანოს განსხვავებული ნაწილები, რომლებიცსხვადასხვა დონის უნარებისა და აღჭურვილობის მქონე ადამიანებისგან შედგება, თუმცა, დიდწილად წარუმატებლად. კერძოდ, საუბარია თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის არმიების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირებაზე. თუმცა, ამ ძალების გაერთიანების მცდელობები, რუსი საკონტრაქტო ჯარისკაცებთან, მოხალისეებთან, მობილიზებულებთან და დაქირავებულებ ვაგნერელებთან ამავე დროს, ქმნის ხელსაყრელ გარემოს შიდა კონფლიქტებისთვის, წერენ ექსპერტები.