ISW: რუსი სამხედო მეთაურები ცდილობენ დაარწმუნონ პუტინი თავდაცვაზე გადავიდეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და არმიის შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ აცნობიერებენ უკრაინის კონტრშეტევის საფრთხეს, მაგრამ პუტინის დაჟინებული მოთხოვნით ისინი აგრძელებენ კონტრაქტორების გაგზავნას უაზრო შეტევითი ოპერაციების გასაძლიერებლად, ნათქვამია აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტის ახალ მოხსენებაში.

კრემლის წყაროები ადრე იტყობინებოდნენ, რომ პუტინი კომპეტენციას ლოიალობას ამჯობინებს და ეს ხელს უშლის შოიგუს და გერასიმოვს ფოკუსირებას ეფექტური თავდაცვისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაში –  მათ უწევთ ელიტარული ქვედანაყოფების გაწირვა  მძიმე ბრძოლებში უმნიშვნელო მოგებისთვის.

ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პოტენციური შეტევის მოლოდინში, რუსეთის სამხედრო სარდლობა იძულებულია გააძლიეროს პოზიციები ყირიმში, იქ წვევამდელების გაგზავნით.

ISW-მ ადრე აღნიშნა, რომ 2022 წლის მაისში შოიგუმ და გერასიმოვმა ვერ დაარწმუნეს პუტინი მობილიზების აუცილებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს იმ მომენტში ძალიან სჭირდებოდა იგი ძალების აღდგენისთვის.

შესაძლებელია,  რუსეთის სამხედრო სარდლობამ ნაწილობრივ გამოასწორა ადრე დაძაბული ურთიერთობები ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან, რათა  პუტინი რუსული საინფორმაციო სივრცის მეშვეობით დაერწმუნებინა, შეაჩეროს შეტევითი ოპერაციები, იტყობინება ISW.