ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური მოხსენება ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ებრძვიან კრემლი და თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის გაძლიერებულ გავლენას.
ანგარიშში წერია:
კრემლი განაგრძობს პრიგოჟინის მტკიცებების საჯარო უარყოფას იმის შესახებ, საჯაროდ რომ მხოლოდ ვაგნერის ძალები იყვნენ პასუხისმგებელი 12 იანვარს დონეცკის რეგიონში სოლედარის აღებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 15 იანვარს, ტელეკომპანია “Россия 1” –ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს მიაწერა. იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი მანამდე თავს იკავებს უკრაინაში ტაქტიკური წარმატებების კომენტირებისგან, სავარაუდოა, რომ მისი სიტყვები იყო მიზანმიმართული მცდელობა შეარყიოს პრიგოჟინის გავლენა რუსულ საინფორმაციო სივრცეში. პუტინს შესაძლოა ასევე სურდა ეჩვენებინა, რომ ის ინარჩუნებს კონტროლს ტრადიციულ რუსულ მედიაზე, მაშინ როცა პრიგოჟინი აგრძელებს თავის მიმდევრების გაზრდას Telegram-სა და სხვა სოციალურ ქსელებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაგრძო ბახმუტის რაიონში პროგრესზე საუბარი და, სავარაუდოდ, განზრახ გამორიცხა ვაგნერის ძალების ხსენება 15 იანვრის ყოველდღიურ ბრიფინგზე;
ვაგნერის მიმართ კრემლის შიშის კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის გუშინდელი კომენტარი, თვლიან ISW–ს ექსპერტები. მათი აზრით, კრემლის სპიკერმა ირიბად დაადანაშაულა პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერს შორის კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაში. ”ზოგჯერ თავად ჩვენი მეგობრები იქცევიან ისე, რომ მტერი აღარ არის საჭირო”, – თქვა პესკოვმა.
პრიგოჟინი აგრძელებს ძალისხმევას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და პუტინთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სანდოობის შესარყევად. კერძოდ, ის საჯაროდ გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესმდივნის ზემოაღნიშნულ სიტყვებს და განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რომ არ ენდოს პესკოვს. როგორც ISW აღნიშნავს, პრიგოჟინს შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ “განაგრძო განზრახ ბუნდოვანი შეტყობინებების გამოყენების ტაქტიკა “, რათა რუსულ საინფორმაციო სივრცეშიმეტი დისკუსია გამოეწვია . საბოლოო ჯამში, ეს ასევე მიზნად ისახავდა თავდაცვის სამინისტროსა და პუტინის მიმართ ნდობის შელახვას. პრიგოჟინმა ასევე გადასცა მედლები ვაგნერელებს სოლედარის აღებისთვის 15 იანვარს, მათ შორის სიმბოლურად დააჯილდოვა მებრძოლი, რომელმაც მანამდე მიიღო მედალი პუტინისგან გამბედაობისთვის, ხაზს უსვამენ ექსპერტები.