ISW: პრიგოჟინის მოკვლის ბრძანება უდიდესი ალბათობით პუტინმა გასცა

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), რომელიც ომის დროს ხშირად უთმობდა თავისი ყოველდღიური მოხსენებების ნაწილს ევგენი პრიგოჟინის განცხადებებსა და ქმედებებს, ახლა, მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ (ჯერ კიდევ ოფიციალურად არ არის დადასტურებული) წერს, რომ მისი თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება უდიდესი ალბათობით პრეზიდენტმა პუტინმა  გასცა.

”ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის არმიის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა, პრიგოჟინი პუტინის ბრძანების გარეშე გაანადგურეს”, წერენ ISW-ის დამკვირვებლები და დასძენენ, რომ მთელი რუსული ელიტა,  სავარაუდოდ, დარწმუნებული იყო, რომ 23 ივნისს აჯანყების მცდელობის შემდეგ, პრიგოჟინი ცოცხალი მხოლოდ პუტინის  წყალობით რჩებოდა.

ინსტიტუტი აცხადებს, რომ მომავალში იგი შეაფასებს მთელ ამ ამბავთან დაკავშირებულ მოვლენებს ზუსტად იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ პუტინმა გასცა ბრძანება პრიგოჟინის მკვლელობის შესახებ – თუ საპირისპირო მტკიცებულება არ მოიძებნება.

ISW-ის მსჯელობა პრიგოჟინის მკვლელობის შესაძლო მიზეზების შესახებ ახლა ძირითადად ემთხვევა სხვა პოლიტიკური დამკვირვებლების მსჯელობას. მოხსენების ავტორები, კერძოდ, ვარაუდობენ, რომ პუტინმა შესაძლოა გადაწყვიტა, რომ პრიგოჟინის ავტორიტეტი ვაგნერში უკვე საკმარისად შერყეულია და თავად კომპანია გაყოფილი და დასუსტებულია, რათა მას სერიოზული პრობლემები დაემუქროს.

ISW ეთანხმება იმ პოლიტიკურ კომენტატორებს, რომლებიც თვლიან, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნა შემთხვევით არ მომხდარა აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ.

ინსტიტუტი იხსენებს, რომ იმავე დღეს, 23 აგვისტოს, დილით, სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-მ გაავრცელა ინფორმაცია გენერალ სერგეი სუროვიკინის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

სუროვიკინი, რომელიც ადრე მეთაურობდა რუსულ ძალებს უკრაინაში, პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ გაუჩინარდა საჯარო სივრციდან, რასაც ბევრი დამკვირვებელი  პრიგოჟინისადმი მისი მხარდაჭერის ნიშნად და შედეგად თვლის.

”სუროვიკინის თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალური დადასტურება რუსეთის სახელმწიფო პრესაში იმავე დღეს, როდესაც მოხდა პრიგოჟინის მკვლელობა, სავარაუდოდ, შემთხვევითი არ არის”, – ვარაუდობენ ამერიკელი ანალიტიკოსები.