ამერიკულ გამოცემა Washington Examiner- აქვეყნებს სტატიას სათაურით “გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიმბაძველი ქართველი”.წერილის ავტორი ტომ როგანი წერს, რომ ივანიშვილის ღალატი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე.
სტატიაში ბიძინა ივანიშვილი დახასიათებულია პოლიტიკოსად, რომელიც ცდილობს, ყველაფერში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიბაძოს.
“ივანიშვილმა პუტინიზმის ბოლო აქტი წინა კვირას, ხუთშაბათს განახორციელა, როცა ქარულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი პროპორციული წარმომადგენლობის შესახებ. ქართულმა ოცნებამ, რომელიც საქართველოს მთავრობას აკონტროლებს, პირობა დადო რომ ამ კანონპროექტს 2020 ის არჩევნებამდე მიიღებდა. ეს ღალატი უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს საქართველოს სწრაფვისთვის მეტი დემოკრატიისკენ, აყვავებული და პროდასავლური მომავლისკენ.
ცხადია, რომ ამჯერად ივანიშვილმა ახალი ზღვარი გადალახა. ჩავარდნილი კენჭისყრის შემდეგ, რითაც ქართული ოცნების მიერ დადებული პირობა დაირღვა, პარლამენტში ამ პარტიის ზოგმა წევრმა პარტია დატოვა. მათ რიცხვშია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც სულ რაღაც ორი კვირის წინ Washington Examiner–ს წერილი გამოუგზავნა ივანიშვილის მმართველობის მიმართ ჩემი კრიტიკის საპასუხოდ.
ჩუგოშვილი და სხვა ათასობით ქართველი, რომლებიც ახლა წყლის ჭავლის მანქანებს ებრძვიან, იძულებულნი გახდნენ სიმართლისთვის თვალებში ჩაეხედათ. მიუხედავად იმისა, რას წერ მისი ვიკი–გვერდი, რომელიც შექმნეს პიარ სპეციალისტებმა და ძვირადღირებულმა ამერიკელმა პროპაგანდისტებმა, როგორიც არის Chartwell Strategy Group, ივანიშვილი არ არის დაინტერესებული საქართველოს უკეთესი მომავლით. ამის ნაცვლად, ჯეიმს ბონდის მიმბაძველი (ივანიშვილის სახლში არის აკვარიუმი ზვიგენებით) ცდილობს მცირე ელიტის ხალხზე უპირატესობა უზრუნველყოს”-აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი ივანიშვილის მისამართით მკვეთრ შეფასებებს არ ერიდება და მას პუტინის ლაქიას უწოდებს.
“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სამრეწველო სფეროს ხელში ჩაგდებით მილიარდების მშოვნელი ივანიშვილი ჭეშმარიტად პუტინური ოლიგარქია. მართალია ის ფრთხილ თამაშს თამაშობდა და ხელისუფლეაში მოსვლის პერიოდში თავს იკატუნებდა, თითქოს დასავლურ კავშირებს აფასებდა, დღევანდელი ივანიშვილი – პუტინის ამაყი ლაქიაა. ახლა ის დროს ძირითადად იმას უთმობს, რომ მოკლას ევროპული და ამერიკული საინვესტიციო პროექტები და გვთავაზობს აბსურდულ შოუებს კრემლის მიმართ პატივისცემის სადემონსტრაციოდ. ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა და მასობრივი პროტესტი გამოიწვია, როცა რუს ულტრანაციონალისტ პოლიტიკოსს ამ ზაფხულს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის უფლება მისცა. მის ხელ ქვეშ საქართველო გაძლიერებულ რუსულ აგრესიას განიცდის”-აღნიშნავს როგანი.
როგანი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პუტინის მიმბაძველ არაფორმალურ ლიდერზე.
“თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის მიერ პროპორციული არჩევნების ღალატს ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით ებრძვის, ივანიშვილი კი მნიშვნელოვან კანონმდებლებს კარგავს, შესაძლოა კლეპტოკრატს საკადრისი პასუხი გაეცეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ხალხი ამ პუტინის მიმბაძველს დაამარცხებს”-აღნიშნულია სტატიაში.