ივანიშვილის თავისტკივილი. ოცნების ლიდერის რუსთავი2–ის გადაბარების პროცესი უჭიანურდება

რუსთავი2 უკვე მეხუთე დღეა ახალ მფლობელს გადაეცა. შეიცვალა დირექტორი. ნიკა გვარამიას ნაცვლად ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, პაატა სალია დაინიშნა, რომელმაც პირველივე დღეს თქვა, რომ პრობლემა მხოლოდ დირექტორი იყო და დანარჩენ თანამშრომლებს არავინ შეეხებოდა. რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე არავინ დაიჯერა. თუმცა თანამშრომლები, მიუხედავად იმისა რომ მათი აზრით ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2 ხელში სწორედ სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად ჩაიგდო, სამსახურებიდან წასვლას არ ჩქარობენ და ახალ მფლობელს წინადადებებს სთავაზობენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიების შესაქმნელად. საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე არხის ახალმა დირექტორმა უარი განაცხადა, ისევე როგორც თანამშრომლებისთვის ხელშეკრულებით მყარი გარანტიების მიცემაზე.

საიდუმლო არ არის, რომ რუსთავი2–ის დღევანდელი შემადგენლობა ივანიშვილისთვის მიუღებელია, ქიბარ ხალვაშის უკან კი სწორედ ივანიშვილის ინტერესები დგას, რომელსაც სურს არხის სარედაქციო პოლიტიკა სრულად მას დაექვემდებაროს, თან რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა ივანიშვილს პრობლემა აქვს: მისი ხელისუფლება დასავლურ თანამეგობრობას წლების მანძილზე უმტკიცებდა, რომ რუსთავი2–ის საქმე სინამდვილეში მფლობელობასთან დაკავშირებული დავა იყო და არხის სარედაქციო პოლიტიკა არაფერ შუაშია. მას დღესაც უწევს იმის მტკიცება, რომ არხის ხელში ჩაგდება მისი მიზანი არ ყოფილა. რუსთავი2–ში მიმდინარე პროცესებს დასავლეთი ყურადღებით აკვირდება და შესაბამისი გაფრთხილება ივანიშვილმაც მიიღო. აქედან გამომდინარე, დროებით შეჩერდა გეგმა, რომელიც მისმა გარემოცვამ ამ არხთან დაკავშირებით შეიმუშავა: საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თოქშოუების წამყვანების შეცვლა, გადაცემების დახურვა და თანამშრომლების უმრავლესობის სამსახურიდან გაშვება. ივანიშვილის პიარ გარემოცვაში მსჯელობენ, როგორ მოახერხონ ისე, რომ არხის კონტროლი რაც შეიძლება მალე აიღონ ხელში, თუმცა ეს პროცესი ჟურნალისტებზე ანგარიშსწორებად არ გამოჩნდეს. 

გადაიდო ახალ დირექტორად ნინო შუბლაძის დანიშვნაც, რადგან მას არ სურს არხზე, სადაც წარსულში მუშაობდა და ბევრი ნაცნობ–მეგობარი ყავს ჯალათად მივიდეს და კადრების წმენდის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. მას არხზე მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანენ, როცა შავ სამუშაოს სხვას შეასრულებინებენ. ივანიშვილის გარემოცვას კი, რომელიც რუსთავი 2–ის დაუყოვნებლივ ხელში ასაღებად ემზადებოდა, მოცდა მოუწევს. 

ივანიშვილმა იცის, რომ აჩქარება შესაძლოა ძვირად დაუჯდეს, თუმცა როგორც ამბობენ, მისთვის ყოველი ეთერში გასული კურიერი ან რუსთავი2–ის გადაცემები, რომლებშიც ძველი სარედაქციო პოლიტიკა გრძელდება, რთულად გადასატანია, შესაბამისად არხის მოთვინიერების გეგმა შესაძლოა დიდხანს არ გაჭიანურდეს. ერთ–ერთი ვერსიით, იგეგმება დუბლირებული თანამდებობების შექმნა. მაგალითად, თუ საინფორმაციო სამსახურის უფროსს სამსახურიდან ვერ გაუშვებენ, მას დაუნიშნავენ კონსულტანტს საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში, რომელიც თანდათანობით აიღებს ხელში საინფორმაციო სამსახურის კონტროლს. იგივე იგეგმება სხვა მმართველ თანამდებობებზე. რიგით ჟურნალისტებთან კი სავარაუდოდ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება.

პაატა სალია ოფიციალურად რუსთავი2–ის თანამშრომლებს პირდება, რომ საკადრო ცვლილებები ან გადაცემების გაუქმება არ იგეგმება. ამის არავის ჯერა, მაგრამ რუსთავი2–ის თანამშრომლები პროცესს მიყვებიან და თავის მხრივ, ახალ დირექტორთან შეძლებისდაგვარად თანამშრომლობენ. თუმცა შესაძლოა ერთ დღესაც ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნოს და რუსთავი2–ის თანდათანობით და ფრთხილად გადაბარების ნაცვლად რადიკალური ზომები მიიღოს.