Wizz Air კორონავირუსისი გამო ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენებს ზღუდავს

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით კორონავირუსის გამო ფრენებს შეზღუდავს. ფრენების განრიგი იტალიის 4 ქალაქის მიმართულებით შეიცვლება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით:

მილანში — 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება. ფრენა პარასკევ დღეს იქნება;
რომში — 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათი დღის ფრენა დარჩება;
ბოლონიაში — 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება;
ბარიში — 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდება სამი ფრენა.
26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა. მინისტრის თქმით, ის საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, მებაჟეები, რომლებმაც ის შეამოწმეს, პრევენციისთვის, კარანტინში მოთავსდებიან.