ჯენიფერ ლოპესმა Guess–ის ახალ სარეკლამო კამპანიაში სოფი ლორენის იმიჯი მოირგო

50 წლის ჯენიფერ ლოპესი კიდევ ერთხელ გახდა ბრენდ Guess–ის სარეკლამო კამპანიის სახე. ვარსკვლავი Guess&Marciano–ს საგაზაფხულო კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღეს.

“მოხარული ვარ კვლავ მივესალმო ჯენიფერს Guess&Marciano–ს მეორე კამპანიაში. ჯენიფერი განაგრძობს საზღვრების გაფართოებას მუსიკაში, მოდაში და კინოინდუსტრიაში. ის განასახიერებს ყველაფერს, რაც ჩვენი ბრენდის ქალს ახასიათებს: თავდაჯერებულია, მგრძნობიარე და თამამი. ეს კამპანია ჯენიფერის ბუნებრივ სილამაზეს აჩვენებს და იმის დემონსტრირებას ახდენს, რატომაც ის მოდის სახელოვანი კუმირია. “– განაცხადა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა პოლ მარჩიანომ.

პირველად ბრენდთან ლოპესის თანამშრომლობა ორი წლის წინ შედგა. იმ დროისთვის ლოპესი ყველაზე ხანდაზმული ვარსკვლავი იყო, რომელსაც ამ ბრენდთან ოდესმე უთანამშრომლია.
ახალი სარეკლამო კამპანიის გადაღებები სანტა მონიკაში და პასადენაში ჩატარდა.

“ყოველი ასეთი თანამშრომლობისას ვფიქრობ პერსონაჟზე, რომლის თამაშიც შემიძლია. ძალიან ვიმხიარულეთ ამ კამპანიის გადაღებისას. ამჯერად ერთგვარი მიქს იმიჯი მოვირგე. 60–იანი წლების სოფი ლორენის და 80–იანი წლების მადონასი“– ამბობს ჯენიფერ ლოპესი.

ჯენიფერ ლოპესისთვის წელს Guess ერთადერთი მოდური ბრენდი არ არის, რომელთანაც თანამშრომლობს. ის Versace–ს გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის სახეც გახდა.