ჰოლივუდის მსახიობი, ჯორჯ ქლუნი ყველას მოუწოდებს ცხრა მდიდრული სასტუმროს ბოიკოტირებისკენ, რომლებიც ბრუნეისთან არიან დაკავშირებული. მიზეზი ქვეყნის გადაწყვეტილებაა ჰომოსექსუალური კავშირის და ცოლ–ქმური ღალატის გამო ადამიანები სიკვდილით დასაჯოს.
3 აპრილიდან ამ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოში ჰომოსექსუალებს შოლტით ცემა ან ქვებით ჩაქოლვა ემუქრებათ.
2014 წელს ბრუნეი პირველი სახელმწიფო გახდა აღმოსავლეთ აზიაში, რომელმაც ისლამური შარიათის კანონი მიიღო ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილების და კრიტიკის მიუხედავად.
ჯორჯ ქლუნი ამბობს, რომ ახალი კანონები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
“ბრუნეი მონარქიაა და ალბათ ვერანაირი ბოიკოტი ვერ მოახდენს გავლენას ამ კანონების შეცვლაზე, მაგრამ ნუთუ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ქვეყანას და დავაფინანოთ ადამიანის უფლებების დარღვევა ჩვენი ფულით?“–წერს ჯორჯ ქლუნი ვებგვერდ Deadline–ზე.ქლუნი ამბობს, რომ ყველამ, ვინც ამ სისასტიკის წინააღმდეგია ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს Dorchester Collection –ის სასტუმროებს აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და იტალიაში, რომლებიც ბრუნეის საინვესტიციო სააგენტოს ეკუთვნის.
ბრუნეის მმართველი სულთანი ჰასანალ ბოლკიახია, რომელიც ნავთობის და გაზის ექსპორტით გამდიდრდა.
სულთანის საკუთრებაა ბრუნეის საინვესტიციო სააგენტო, რომლის პორტფელში შედის მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები, მათ შორის სასტუმრო Dorchester ლონდონშიი და Beverly Hills Hotel ლოს ანჟელესში.
“მე ბევრ მათგანში მიცხოვრია, რადგან არ ვიცოდი ვის ეკუთვნოდა ისინი. ყოველ ჯერზე, როცა ამ სასტუმროებში ვრჩებით ან ამ ცხრა სასტუმროდან რომელიმეში ვსადილობთ, პირდაპირ ჯიბეში ვუდებთ ფულს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს ქვებით ქოლავენ და ცემენ“ – წერს კლუნი.
კლუნის კვალდაკვალ დორჩესტერის კოლექციის სასტუმროების ბოიკოტირების შესახებ სხვა ცნობილმა პერსონებმაც განაცხადეს.
რეჟისორმა დასტინ ლენს ბლეკმა ტვიტერში დაწერა: “თუ კვლავ განაგრძობთ ბევერლი ჰილზზე სასტუმროში სტუმრობას, ესეიგი ამ მკვლელების ფინანსურ მხარდაჭერაში ხართ დამნაშავე.“
ბიბისი–ს საერთაშორისო ურთიერთობების რედაქტორმა, ჯონ სიმპსონმა ასევე დაადასტურა, რომ არ აპირებს ამ ჯგუფის კუთვნილი სასტუმროების სტუმარი იყოს.
“მომწონს ლონდონში სასტუმრო დორჩესტერი და იქ მშვენიერ მართა გელჰორნთან ერთადაც ვისადილე. მაგრამ არ შემიძლია იქ საჭმელი მივირთვა, როცა ბრუნეიში მისი მფლობელი ღალატისა და გეი სექსისთვის ადამიანებს ქვებით ქოლავს.“ წერს ჯონ სიმფსონი.
2014 წელს ელენ დეჯენერესმა და სტივენ ფრაიმ დაიფიცეს, რომ ბრუნეის ანტიჰომოსექსუალური კანონების გამო ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. ბრუნეის მმართველი სამეფო ოჯახები უზარმაზარ ქონებას ფლობენ . ქვეყნის ძირითადად მალაიელი ეთნოსის მოქალაქეები კი გულუხვი სახელმწიფო სუბსიდიებით სარგებლობენ და გადასახადებს არ იხდიან.
თითქმის ხუთი წლის წინ სულთანმა მკაცრი ისლამური სისხლის სამართლის კოდექსი აამოქმედა, რომელიც მისი სიტყვებით რამდენიმე წლის განმავლობაში თანდათანობით ამოქმედდება.ახალი კანონების თანახმად ქურდობა ხელის ამპუტაციით ისჯება პირველ შემთხვევაში. განმეორების შემთხვევაში კი ფეხის ამპუტაციით.ამ ცვლილებების გამოცხადებისას 72 წლის სულთანმა, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, კოდექსს “მისი ხალხის დიდებული ისტორიის ნაწილი უწოდა.“