კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ, ისე მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოწურული აქვს. „მგზავრობა სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვი,“-აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება მომდევნო წლიდან დაიწყება.