კახა კალაძის პირადმა და საოჯახო ხარჯებმა 2019 წელს 1 800 000 ლარს გადააჭარბა

თბილისის მერმა ბოლო ფინანსური დეკლარაცია 2020 წლის 31 იანვარს შეავსო. ამ დეკლარაციაში გასული წლის შემოსავლები და ხარჯებია ასახული. შარშან დიდი აჟიოტაჟი მოყვა თბილისის მერის მიერ შევსებული 2018 წლის დეკლარაციის ხარჯების ნაწილში მითითებულ პუნქტებს, საიდანაც გაირკვა, რომ მხოლოდ ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში თბილისის მერმა და მისმა მეუღლემ ერთ წელში 850 000 ლარი დახარჯეს. როგორც ჩანს შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე კახა კალაძემ წელს დეკლარაციაში მსგავსი ხარჯები დეტალურად აღარ მიუთითა და  სხვა კრებსითი სახელწოდება მოძებნა. დეკლარაციიდან გამქრალია პუნქტები ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესურების, ბავშვების სწავლის საფასურის, მგზავრობის და სასტუმროების მომსახურების, ავეჯის, საოჯახო ნივთების შეძენისა და სახლის კეთილმოწყობის შესახებ. ეს ყველაფერი ერთ დასახელებაში – საოჯახო და პირად ხარჯებში გაერთიანდა. ჯამში ამ მიზნით დახარჯულმა თანხამ დაახლოებით 1 834 000 ლარი შეადგინა( ლარში, ევროში და დოლარში დახარჯული თანხების ჯამი). ცალკე პუნქტებად რჩება წლევანდელ დეკლარაციაშიც კომუნალური მომსახურების და დაცვის სამსახურის ხარჯებიც. კომუნალურ გადასახადებში კალაძემ 42502 ლარი გადაიხადა. დაცვის პოლიციის მომსახურება კი 17685,17  ლარი დაუჯდა.