კარანტინის ფონზე ამერიკელები იარაღს იმარაგებენ.ხელისუფლება კი ყოველ ამერიკელს 1000 დოლარს პირდება

აშშ–ს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ უახლოეს კვირებში ყოველი ზრდასრული ამერიკელი მთავრობისგან 1000 დოლარიან ჩეკს მიიღებს. თეთრ სახლში თვლიან, რომ ეს ნაბიჯი სამომხმარებლო მოთხოვნის ამოქაჩვას და კორონავირუსის ეპიდემიის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებას დაეხმარება.

კორონავირუსის ეპიდემია, რომელმაც აშშ–ს ბირჟების მაჩვენებლები ჩამოშალა, ქვეყნის ეკონომიკის ერთი სფეროსთვის მაინც გახდა მომგებიანი. იარაღის და საბრძოლო მასალების მწარმოებელი კომპანიების აქციები ბოლო რამდენიმე კვირაა იზრდება, იარაღის მაღაზიების გარეთ  გრძელი რიგებია, იარაღის ინტერნეტ მაღაზიები კი კლიენტების მომსახურებას ვერ აუდიან.

მედიასთან საუბარში იარაღის ყიდვის მსურველები გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ პანდემიის შედეგად მეტისმეტად ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი და მათ საკუთარი სახლი და ოჯახი უნდა დაიცვან.

“როცა ეკონომიკას უჭირს, ხალხი იარაღს ყიდულობს“ – ამბობს ბიბისისთან საუბარში ერთ–ერთი მაღაზიის მენეჯერი და აკონკრეტებს, რომ მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იარაღის და საბრძოლო მასალების გაყიდვა მის მაღაზიაში 50%–ით გაიზარდა. უმრავლესობა იარაღს თავდაცვის მზნით ყიდულობს, რადგან თვლიან, რომ ეს კრიზისი დანაშაულის და ძარცვის ზრდას გამოიწვევს.


კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი წესები გამოაცხადა, რომლებმაც თეთრი სახლის აზრით აშშ–ში კორონავირუსის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი. რეკომენდაციები ორი კვირის მანძილზე სახლში დარჩენას, თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებას და სხვა ადამიანებთან ორმეტრიანი დისტანციის დაცვას გულისხმობს. თუმცა ბიბისის არლინგტონში მდებარე იარაღის მაღაზიის მაგალითი მოჰყავს, სადაც ამ წესებს არავინ იცავს, რადგან მაღაზიას უამრავი ხალხი მიაწყდა. გამყიდველი ამბობს, რომ ხალხი ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება, რადგან არავინ იცის რას ელოდოს.

კარანტინის სამომხმარებლო პრობლემები

აშშ–ში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მთავარ დეფიციტურ პროდუქტად ტუალეტის ქაღალდი და დეზინფექციის საშუალებები იქცა. ვაშინგტონის და მიმდებარე რაიონების მაღაზიების დახლებიდან ეს პროდუქტები ორი კვირის წინ გაქრა და როდის გამოჩნდება, არავინ იცის.

შაბათ–კვირას ტრამპი შეეცადა აღელვებული მოსახლეობის დამშვიდებას და თქვა, რომ მოლაპარაკებები გამართა უმსხვილესი საცალო ქსელების მეთაურებთან და მაღაზიებში მომარაგების პრობლემა არ იქნება. ცარიელი დახლები კი იმის ბრალია, რომ ამერიკელები ამ დღეებში უჩვეულოდ ბევრ პროდუქტს ყიდულობენ.

უდიდესი რიგებია საბითუმო ვაჭრობის ქსელებში. ყიდულობენ მაკარონს, კონსერვებს, წყლის ბოთლებს, და რა თქმა უნდა, ტუალეტის ქაღალდს. თუმცა, კონკრეტულად ვერავინ ხსნის, რაში სჭირდება ამდენი ტუალეტის ქაღალდი. ზოგი ამბობს, რომ სავარაუდოდ სახლში დიდხანს მოუწევს გამოუსვლელად ჯდომა და გამოადგება. ზოგი შიშობს, რომ მალე უბრალოდ ვეღარ იშოვნის და იმიტომ იმარაგებს.

აშშ–ს მოქალაქეები ხელისუფლებისგან უფრო მკაცრი ზომების შემოღებას ელიან და არც ის იციან, როდემდე გარძელდება საგანგებო ზომები.

“ვიღაცამ უბრალოდ აიღო ჩვენი ქვეყანა, შეანჯღრია და მთლიანად ამოაბრუნა ჩვენი ცხოვრება“ – განაცხადა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ.

ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს აშშ–ს მოქალაქეებს შესთავაზეს ორი კვირა ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში გაეტარებინათ. სამშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ რეკომენდირებული კარანტინი შეიძლება აგვისტომდე გაგრძელდეს.

ვაშინგტონში დაიკეტა ან განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა ყველა სახელმწიფო დაწესებულება. ჩინოვნიკების უმრავლესობას სახლიდან მუშაობა ურჩიეს. ასეთივე ზომები შემოიღეს კერძო კომპანიების უმრავლესობაში.

ამერიკული ქალაქების უმრავლესობაში ყველა შტატში ამ კვირას ყველა კინოთეატრი, საკონცერტო დარბაზი, თეატრი, სპორტდარბაზი და კლუბი უნდა დაიკეტოს. მუშაობას მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები გააგრძელებენ. თუმცა ამერიკული კანონმდებლობის თავისებურებების გამო ამ აკრძალვის უზრუნველყოფა ყველგან ვერ მოხერხდება.

მაგალითად, ვირჯინიის შტატში გუბერნატორს არ აქვს უფლება კერძო საწარმოები დაკეტოს, ამიტომაც შტატის ხელისუფლებამ რესტორნების და ბარების მფლობელებს თხოვნით მიმართა დროებით შეწყვიტონ სტუმრების მიღება და სახლში მიტანის სერვისზე გადავიდნენ.

აშშ–ში პაუზა აიღეს სასამართლოებმაც. ახალი პროცესების დასაწყისი მინიმუმ აპრილის ბოლომდე გადაიდო. აიკრძალა ნაფიცი მსაჯულების შერჩევაც. 1918 წლის შემდეგ პირველად აშშ–ს უმაღლესმა სასამართლომ დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის არგუმენტების ზეპირსიტყვიერი გაცვლა აკრძალა: მხარეებმა მოსაზრებები წერილობით უნდა წარადგინონ.


ეკონომიკური რეცესიისა და ბირჟების ინდექსების ვარდნამ ამერიკის ხელისუფლება აიძულა ეკონომიკის მხარდაჭერის საგანგებო ზომები გამოეცხადებინა. ფინანსური დახმარების შესაძლო პაკეტის სრული მოცულება, რომელიც კონგრესმა და თეთრმა სახლმა ერთობლივად წარადგინეს 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სახელმწიფო დახმარების შესაძლო მიმღებებს შორის არიან: ავიაკომპანიები, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლებიც იძულებულნი გახდნენ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაეყვანათ ან კარანტინის გამო კლიენტები დაეკარგათ.

თეთრი სახლის მიერ შეთავაზებულ ზომებს შორის არის პერსონალური თანხის გადახდა აშშ–ს ყოველი ზრდასრული მოქალაქისთვის.

ტრამპის თქმით, ქვეყნის ყოველი ზრდასრული  მცხოვრები უახლოეს მომავალში 1000 დოლარიან ჩეკს მიიღებს. ეს ზომა თეთრი სახლის აზრით სამომხმარებლო მოთხოვნას გაზრდის და ეპიდემიის ეკონომიკურ შედეგებს შეამსუბუქებს.

“ჩვენ ვაპირებთ დაუყოვნებლივ გავუგზავნოთ ეს ჩეკები ამერიკელებს. დასაქმებული ამერიკელების ბრალი არ არის, რომ ჩვენ სამედიცინო მიზნების გამო იძულებულნი გავხდით ქვეყნის ნაწილი დაგვეხურა“ – ამბობს აშშ–ს ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი.