კატარის ავიახაზების რეისზე უკრაინელმა ექიმმა ქალი ამშობიარა

უკრაინელმა ექიმმა, ალიონა ფედჩენკომ დოჰა–ბანკოკის რეისზე ტაილანდელი ქალი ამშობიარა. მშობიარობა ბორტზე მყოფ ფეხმძიმე ქალს ღამით დაეწყო, როცა თვითმფრინავი ინდოეთის თაზე მიფრინავდა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა მგზავრებს შორის ექიმის ძებნა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ალიონა ოტოლარინგოლოგია, მან ეკიპაჟის კაბინას მიაკითხა, იქ კი მშობიარე ქალი დახვდა.

ალიონა ამბობს, რომ მეტი გზა არ იყო და იძულებული გახდა ყველაფერი გაეხსენებინა, რაც კი ოდესღაც ინსტიტუტში ასწავლეს. მშობიარობამ სწრაფად და გართულებების გარეშე ჩაიარა. ალიონა მედიასთან საუბარში ამბობს, რომ თვითონაც ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა რა უნდა ექნა გართულების შემთხვევაში, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ალიონას მშობიარობის პროცესში თვითმფრინავის ეკიპაჟი ეხმარებოდა. ბორტზე ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მედიკამენტი აღმოჩნდა. მგზავრებს არც კი გაუგიათ, რა ხდებოდა თვითმფრინავში, სანამ ეკიპაჟმა არ ამცნო, რომ ბორტზე ბიჭი დაიბადა.

ბოინგი კატარის ავიახაზებს ეკუთვნის. პილოტმა გადაწყვიტა თვითმფრინავი კალკუტაში დაესვა, სადაც ქალი და ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფრინდა თვითმფრინავი ბანკოკში. ალიონამ კი კალკუტის აეროპორტიდან ფეისბუქზე დადო ფოტოები და სტატუსი იმის შესახებ, რომ თვითმფრინავში ქალი ამშობიარა:


“მივიღე მშობიარობა დოჰა–ბანკოკის რეისზე. დაიბადა ბიჭი. დედა ტაილანდელია. ჩვენი თვითმფრინავი კალკუტაში დაფრინდა. ველოდებით სასწრაფოს. დედა და ბავშვი კარგად არიან. სტრესი, ბედნიერება, ემოციების ზღვა! მადლობა კიევის მედიცინის ინსტიტუტის მეან–გინეკოლოგიის კათედრას. ყველაფერი ერთ წუთში გამახსენდა“.