“ხელისუფლებამ თავისივე გადაფურთხებული ალოკა”- ხუხაშვილი

ახლა არის აბსოლუტურად აფექტური სიტუაცია, არც ერთმა მხარემ არ იცის რაშია გამოსავალი, არავის აქვს გამოსავლის ფორმულა, მიმდინარეობს შუბლებით შეჯახება მორევაზე. დღეს ვართ პოლიტიკურ რინგზე, სადაც ლოგიკა არის გათიშული და ყველა იყურება პოლიტიკურ კუნთებზე, – ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განვითარებული მოვლენები. 

„ვინ მოერევა, მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მოლაპარაკების ცივილიზებული სივრცე ხელისუფლებამ წაართვა პოლიტელიტას. ხელი მოკიდეს და რინგზე შეაგდეს, იჭიდავეო უთხრეს და რა უნდა ქნას პოლიტიკურმა ელიტამ? ხელისუფლებამ თავისივე გადაფურთხებული ალოკა. ყველა არის შოკირებული. არამგონია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს კონკრეტული გეგმა რა სურს. შოკირებული ვარ და მეც ვერ ვხედავ გამოსავალს, ჩიხში ვართ, როცა კონსენსუსის ძიების სივრცე, ველიც აღარ დატოვა ხელისუფლებამ. წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინა. დადო საჯარო პირობა და ადგა და საკუთარი წინადადება ჩააგო. ის, რომ ჯოხი ბერაიაზე გადავტეხოთ, არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ეთიკას ფასი დაუკარგა. მან თქვა, რომ ყველაფერი „მოსულა“, შემიძლია ნებისმიერი რამ შეგპირდეთ, შემდეგ არ გავაკეთო და ის ვირეშმაკული თამაში, რომ მაჟორიტარების გამო მოხდა და თვითონ ძალიან წუხს, ამის არავის სჯერა! ფაქტობრივად, ეს ფორმდება ასე, რომ იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ყველაფერზე წამსვლელია, ეს არის პრობლემა. მისი სიტყვის ფასი არის უკვე ნული. დახშულ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ვერ ხვდება ვერაფერს ან თუ ხვდება და ამას აკეთებს, ეს არის აბსოლუტური ცინიზმი. ის ფიქრობს, რომ ამ საზოგადოებას რასაც მინდა იმას „შევაჭმევ“. ვეტყვი, რომ 2X 2= 5-ს და ამას წიხლით შევაჭმევ. ეს სახიფათოა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხუხაშვილმა.