ხმაურიანი ბრალდებები ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გრძელდება.
კიდევ ერთი მეუფე, რომელსაც, დაახლოებით, 35 წლის წინ მთავარეპისკოპოსი შიო (ალავერდელი) მამათმავლობაში ადანაშაულებდა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძეა.
მეუფე შიომ “მამხილებელი წერილი“ 1984 წელს გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მამათმავლების, მათ შორის, მიტროპოლიტ შიოს მფარველობაში ადანაშაულებდა.
“თამაზ კოჭლამაზაშვილის მიერ ეკლესიაში მოგვიანებით შემოყვანილი მამათმავალი ანანია ჯაფარიძე თქვენ (იგულისხმება ილია II) გასაოცარი აჩქარებით აღამაღლეთ ეპისკოპოსის ხარისხში მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიაში იყვნენ ხირატონიით, ცოდნითა და ყველა სხვა მონაცემებით უპირატესი და მაღლა მდგომი ადამიანები. რატომ გააკეთეთ ეს?
1979 წლის 26 ოქტომბერს თქვენმა ქორეპისკოპოსმა ქრისტეფორე წამალაიძემ თქვენ წარმოგიდგინათ დეკანოზ ამირან შენგელიასა და მესანთლე ანთიძის მიერ ხელმოწერილი საბუთი (ამ საბუთის დედანი ამჟამად ჩემთან იმყოფება) იმის შესახებ, რომ მღვდელი კოლოსოვსკი აშკარად მამათმავლობდა და გთხოვათ განგეკვეთათ იგი სამღვდელო ხარისხიდან.
თქვენ, როგორც ცნობილია, ვინც თქვენი მონა არაა, ისე უყურებთ, როგორც მეცხვარის ძაღლს და თქვენი ქორეპისკოპოსიც მოხევის ძაღლივით გამოაძევეთ თქვენი კაბინეტიდან, ხოლო მღვდელ კოლოსოვსკის ლოცვა-კურთხევა მიეცით გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა. როგორ შეკადრეთ ცისქვეშეთს ასეთი რამ?“, – წერია წერილში.