ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაშვილებში ხანძრის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი და ხუთი დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე.
ხულოს მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
“დაშავებული საბედნიეროდ არავინ არ არის. სასწრაფო დახმარებამ ერთ პირს ადგილზე გაუწია დახმარება. ემოციური ფონი ჰქონდა. ცეცხლი ღამის სამ საათზე გაჩნდა. ყველას ეძინა, ერთმა მეზობელმა დაინახა და ყვირილზე გაეღვიძათ. ახლოს იყო ხის სახლები და ცეცხლი უცებ გავრცელდა”,- განაცხადა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ.
ხულოს მერის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახების ქირით უზრუნველყოფა მოხდება.