ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა, ისევე, როგორც წინა ორი შეხვედრა. ხუთსაათიან შეხვედრაზე მათ ვერ შეძლეს შეთანხმება მრავალმანდატიანი ოლქების შემოღების საკითხზე, რომელზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ხელისუფლებამ წინა კვირას მოსაფიქრებელი დრო ითხოვა.
შეხვედრა კვლავ დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით და შუამავლობით გაიმართა.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან წვალობს.
“ძალიან წვალობს ხელისუფლება, ვერ ღებულობს პროპორციულს, ვერ ღებულობს ვერც “გერმანულს” და ვერც მის მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტს, კატეგორიულ უარს ამბობენ მრავალმანდატიან ოლქებზე – მოკლედ, არაფერი მოსწონთ, არაფერზე ინსტრუქცია არ აქვთ, რადგან ჩვენ მანდატი გვაქვს, მათ – არა”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
“ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, მმართველი გუნდი თანახმაა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლოს.
“დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. “ქართული ოცნება“ თანახმაა, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. ამასთან, მათ ითხოვეს მეტი დრო, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ და სავარაუდოდ, მომავალ პარასკევს გვექნება მეორე შეხვედრა, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციასთან ახლოსაა, თუმცა მსგავსი წესით ჩატარებული არჩევნების შედეგები უსამართლოა.
როგორც ვოლსკიმ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ აუდიენციებს აზრი ყოველთვის აქვს, თუმცა ხალხის ხარჯზე კომპრომისი ვერ მოხდება.
“შემოთავაზებული სისტემა, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მგონი ჩვენი ოპონენტებისგანაც არაა ამაზე განსხვავებული პოზიცია, რომ რეალურად კონსტიტუციასთან ახლოსაა. ესეც კიდევ სამსჯელო თემაა, მაგრამ იმდენად დიდია უსამართლობა, რომელიც ყველა ასეთი სისტემით არჩევნების შედეგებს შეიძლება მოჰყვეს, რომ ერაყში და ავღანეთშიც კი, სადაც ეს სისტემა არსებობს, ამის ცვლილებაზე ლაპარაკობენ. მაგალითად, ადამიანმა შესაძლოა დუშეთში მიიღოს მეტი ხმა და სრულიად განსხვავებული აზრი ჰქონდეთ მასზე თელავში, ან ყვარელში. ამ რეალობის დასაძლევად კიდევ ალბათ ერთი რაუნდი იქნება საჭირო. ჩვენ ვერ შევთანხმდებით ისეთ ფორმულირებაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს დაუპირისპირდება. გარდა ამისა ქვეყნის სტაბილურობა სამართლიანობაზე არის დამყარებული. ვერანაირ კომპრომისს ხალხის ხარჯზე ვერ დავუშვებთ. თუმცა შეხვედრებს ყოველთვის აქვს გარკვეული აზრი”,- განაცხადა ვოლსკიმ.
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მათ დეტალურად განიხილეს ჩვენ ოპოზიციის მიერ შექმნილი და წარმოდგენილი მრავალმანდატიანი მოდელი, კვლევისა და ანალიზის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მსგავსი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთში და აქედან აქვს გადაღებული ერთ ქვეყანას, ერაყს.ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მოდელი სამართლიანი არ არის.
“ავღანური მოდელის მიხედვით, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ 50 პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში, იმ პარტიამ, რომელიც ამ მხარდაჭერას მოიპოვებს, მიიღოს მანდატების გაცილებით ნაკლები რაოდენობა, რაც ბუნებრივია, არასამართლიანია და წარმოუდგენელია ამაზე მსჯელობის გაგრძელება. როცა ოპოზიცია შედის ჩიხურ მდგომარეობაში, “გერმანული მოდელის” შემთხვევაში არაკონსტიტუციურობით, ავღანური მოდელის შემთხვევაში – პროპორციულობის დისბალანსით მინუსისკენ, ჩვენ გვთავაზობენ, მოვიფიქროთ მოთხოვნა, რომელსაც დაგვიყენებენ და შემდეგ ჩვენვე დავეთანხმებით. რამდენად სერიოზულია ეს მოთხოვნა, საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენ ვეუბნებით, რომ დიალოგის კარს არ ვხურავთ, წარმოადგინონ კონსტიტუციური, რაციონალური და მიზანშეწონილი წინადადება, რომელიც სტაბილურობას და მანდატების სამართლიანად გადანაწილებას უზრუნველყოფს და ჩვენ ამაზე ვისმჯელებთ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, ხელისუფლებას არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს, კერძოდ, კი მრავალმანდატიან კომპონენტზე.
“წავიდნენ მათ უფროსთან, მოიკითხონ კიდევ და იწვალონ, სანამ არიან საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს წნეხის ქვეშ გარედან და ქვეყნის შიგნით – პროტესტის ქვეშ,” – განაცხადა ბოკერიამ.
“შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრების მესამე რაუნდზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი და საჭიროა მისი ცვლილება.
“ამასთანავე, მათ, ჯერ-ჯერობით, არ გაითვალისწინეს ჩვენი არცერთი წინადადება – არც გერმანული მოდელი და არც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ნაწილში, თუმცა საბოლოო პასუხად დღეს ვერც ვერაფერი შემოგვთავაზეს. შეხვედრები გაგრძელდება, არ მივცემთ შესაძლებლობას ხელისუფლებას, რომ მარტივად დაასრულოს ეს პროცესი. დღევანდელი შეხვედრის მთავარი შედეგი ისაა, რომ აღიარეს ცვლილების საჭიროება,” – განაცხადა უსუფაშვილმა.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით კი, დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოუმზადებლები მოვიდნენ.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებოდით, რომ მრავალმანდატიან სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება მოიტანდა კონკრეტულ წინადადებებს. გასაგები იყო წინა შეხვედრაზე, რომ ისინი მზად არ აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ ჩვენ დავეთანხმებოდით სტაბილურობის და ნორმალური არჩევნების მოპოვების მიზნით “გერმანული მოდელის” შუაზე გაყოფას და ნაწილ-ნაწილ განხილვას. ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ეგონათ, რომ ჩვენ ჩავშლიდით შეხვედრას. ამიტომ, გასაგებია, რომ წინა შეხვედრაზე ისინი მზად არ იყვნენ პასუხისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი დღესაც მოუმზადებლები მოვიდნენ,” – აღნიშნა ბურჯანაძემ.