აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა საქართველოში ეროვნულ დემოკრატიული (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების (IRI) მხარდასაჭერი განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლებთან მუშაობენ და მხარს არ უჭერენ ერთ რომელიმე კონკრეტულ შედეგსა და ამოცანას.
ის ქართველ პარტნიორებს მოუწოდებს ამ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა განაგრძონ ქართველი ხალხისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკეთილდღეოდ.
„საქართველოში ჩვენ მთელს პოლიტიკურ სპექტრთან ვთანამშრომლობთ. მათ შორის მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ არ ვირჩევთ მხარეს და არ ვუჭერთ მხარს გარკვეულ პოლიტიკურ შედეგს. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, გააგრძელონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა როგორიც “ენ-დი-აი” და “აი-არ-აია”,რათა ხელი შეუწყონ ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული, სუვერენული და წარმატებული მომავლისკენ“,- განაცხადა მან.
კონგრესმენის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ “უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შენების გზაზე” და რომ “ქართველი ხალხი რჩება ფრონტის ხაზზე პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, მაშინ როცა რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას”.
ელიოტ ენგელი აცხადებს, რომ წლებია ის მხარს უჭერს აშშ-ის კონგრესის ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, მათ შორის, ეროვნულ დემოკრატიული და რესპუბლიკური ინსტიტუტების საქმიანობის ჩათვლით, და რომ ამ მხარდაჭერას გააგრძელებს.
“აშშ-ის კონგრესი საქართველოს გვერდით დგას და მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა მხარი დავუჭირო დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში,”- ამბობს კონგრესმენი.
რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეიმედის გადაცემა სვოტ ანალიზში განაცხადა, რომ რომ აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან.
მან დაასახელა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), რომელთა მიერ ჩატარებულ კვლევებს ივანიშვილი არ ენდობა.