ევროკავშირის სტრუქტურებში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ევროპის თავდაცვის სააგენტო და ევროკავშირის საბჭო ადასტურებენ, რომ მათი თანამშრომლები ვირუსით დაინფიცირდნენ.
ევროპის თავდაცვის სააგენტოს განცხადების თანახმად მათ თანამშრომელს ტესტმა კორონავირუსი დაუდასტურა და ის ამჟამად სახლში მარტო იმყოფება. სიმპტომები მას შაბათს საღამოს აღმოაჩნდა და მას შემდეგ სამსახურში აღარ მისულა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი თანამშრომელი იტალიიდან ბრიუსელში 23 თებერვალს დაბრუნდა.
სააგენტის განცხადებით კოლეგებს, რომლებიც დაავადებულ თანამშრომლებთან ახლო კონტაქტში იყვნენ ინფორმაცია ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე მიაწოდეს და თხოვეს 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ.
სხდომები, რომლებიც თავდაცვის სააგენტოს შენობაში უნდა ჩატარებულიყო ან სააგენტოს მიერ სხვა ადგილებზე ორგანიზებული შეხვედრები 13 მარტამდე გადაიდო.
ევროკავშირის საბჭომ კი განაცხადა, რომ ერთ–ერთ მათ თანამშრომელს ვირუსზე დადებითი შედეგი აღმოაჩნდა, თუმცა ისინი სხდომების გადადებას არ აპირებენ.
“ჩვენს კოლეგას საინფორმაციო უსაფრთხოების განყოფილებიდან ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, რომელიც აქ, ბელგიაში გადაედო“ – წერს საბჭოს გენერალური დირექტორი ორგანიზაციული განვითარების საკითხებში უილიამ შეპკოტი მედიისთვის გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში.
ვირუსის დადასტურებამდე კოლეგა საერთო ოფისში მუშაობდა, ამიტომ ორგანიზაცია იღებს ზომებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც ინფიცირებულთან მისი სიმპტომების გამოვლენამდე 4 დღით ადრე ურთიერთობა ჰქონდათ.
საბჭოს პრესსამასხური ამბობს, რომ დაინფიცირებულ თანამშრომელს მისი მოვალეობებიდან გამომდინარე არ აქვს პირდაპირი კონტაქტი გარე დელეგაციებთან ან ვიზიტორებთან. საბჭო აცხადებს, რომ ინფიცირებული თანამშრომლის გამო არანაირი სხდომის გადადებას არ აპირებს.