კორონავირუსული რეპრესიები.რა ზომებით აიძულებს ევროპა მოქალაქეებს სახლში ჯდომას

ევროპულმა ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს აქამდე არნახული ზომები და სასჯელის შიშით აიძულებენ მოსახლეობას სახლიდან მხოლო უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ.

თავიდან ქვეყნების უმრავლესობაში ხელისუფლფება მხოლოდ რეკომენდაციას უწევდა მოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად შეეზღუდათ გადაადგილება და თავი აერიდებინათ კონტაქტებისთვის, თუმცა ბოლო დღეებში და კვირებში ბევრი ხელისუფლება დარწმუნებიდან მუქარაზე გადავიდა.

თუ საზღვრების ჩაკეტვა და მასობრივი ღონისძიებების გაუქმება შედარებით ადვილია, ადამიანების ქცევის გაკონტროლება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მაგალითად, ბრიტანეთის მთავრობის განკარგულების გაკონტროლება – გასასეირნებლად სახლიდან მხოლოდ ერთხელ გამოსვლის შესახებ ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომაც ხელისუფლებებს, ყოველ შემთხვევაში დემოკრატიული ქვეყნებისა, უფრო მეტად მოქალაქეების თვითშეგნების, საღი აზრის და დაინფიცირების შიშის იმედი აქვთ ვიდრე რეპრესიების შიშისა.

იტალია

კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიაში ყველაზე მკაცრი კარანტინია. აქ ყველაფერი დაკეტილია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, მსხვილი ქალაქები დაცარიელებულია, მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისას თან უნდა ჰქონდეთ ფურცელი, რომელშიც ნათქვამია სახლის დატოვების მიზეზი. კარანტინის დარღვევის რეჟიმისთვის ჯარიმა 300–დან 4000 ევრომდეა. თუ ქუჩაში კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს დაიჭერენ, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არადა იტალიაშიც ყველაფერი მოქალაქეებისადმი თხოვნით იწყებოდა, ერთად შეკრებას მორიდებოდნენ. ახლა კი ადამიანები ქუჩაში საეჭვო პირის შემჩნევისას უკვე თვითონ რეკავენ პოლიციაში და მის შემოწმებას ითხოვენ. ქუჩებს კარაბინიერები აკონტროლებენ და ყველას ამოწმებენ.

ესპანეთი

დაახლოებით იგივე მდომარეობაა ესპანეთში. პოლიცია უმრავლესობას ამოწმებს და თუ ადამიანს სამსახურში წასვლის წერილობითი ნებართვა არ აქვს, მას ჯარიმა და ციხეც კი ემუქრება.
ესპანეთში კარანტინი 14 მარტს შემოიღეს. პოლიციის დრონები ადამიანებს მოუწოდებდნენ პლაჟები, მოედნები და თავშეყრის სხვა ადგილები დაეტოვებინათ. ქუჩაში და პროდუქტების მაღაზიაში შეიძლება დღეში ერთხელ მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი გავიდეს.

კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული: ჯარიმამ შეიძლება 30000 ევროს მიაღწიოს, გარკვეულ შემთხვევებში კი დამრღვევი შეიძლება 2 წლიანპატიმრობაში აღმოჩნდეს.

მაგალითად, 23 მარტს პოლიციამ დააკავა ქალი კატალონიურ ქალაქ ტორტოსადან, როცა ის პაემნიდან ბრუნდებოდა, სადაც ინტერნეტით გაცნობილ კაცს შეხვდა.

გერმანია

გერმანიაში წვეულების გამართვისთვის  ან ორ კაცზე მეტის სახლის გარეთ შეკრებისთვის ჯარიმაა გათვალისწინებული. გერმანიაში ფედერალურ დონეზე ახალი მკაცრი წესები 23 მარტიდან შემოიღეს. წესების აღსრულებას პოლიცია აკონტროლებს. თუმცა გერმანიის სხვადასხვა მიწებზე ჯარიმის რაოდენობა განსხვავებულია და ის ადგილობრივ დონეზე დგინდება. ზოგან ჯარიმა 200 ევროა, მაგალითად ჩრდილოეთ რეინში კი 25 000 ევრო.

ჩეხეთი

ამ ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი აკრძალვები 13 მარტს შემოიღო. აქაც ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას და მხოლოდ ნიღბით შეიძლება.
ამ უკანასკნელი მოთხოვნის გაკონტროლება ადვილია. თუმცა ყოველ ჯერზე დაჯარიმებისგან პოლიცია თავს იკავებს და ზოგჯერ ზეპირი გაფრთხილებით იფარგლება.
კარანტინის ზომების დარღვევისთვის ჩეხეთში 3 მილიონ კრონის ჯარიმაა გათვალისწინებული, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კარანტინში ყოფნა ევალება და ამ მითითებას არღვევს.

პოლონეთი

პოლონეთის ხელისუფლებამ რეკომენდაციები პირდაპირი აკრძალვით შეცვალა. 24 მარტიდან ქუჩაში ორ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა.
ღვთისმსახურების დროსაც კი, მთავრობის ბრძანებით ეკლესიებში ერთდროულად 5 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჯარიმა წესების დარღვევისთვის 5000 ზლოტია.

ბრიტანეთი

ბრიტანეთის მთავრობა დარწმუნებიდან აკრძალვაზე 23 მარტს გადავიდა. ამ დღიდან სახლიდან გამოსვლა ადამიანებს მხოლოდ საკვების, პირველადი აუცილებლობის საგნების, მედიკამენტების საყიდვალდ და სამსახურში წასასვლელად შეუძლიათ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად არის აღიარებული. გარდა ამისა, ბრიტანელებს დღეში მხოლოდ ერთი გასეირნების უფლება აქვთ. ორ კაცზე მეტის ერთად შეკრება აკრძალულია.

მთავრობის მიერ დაწესებული ჯარიმა 30 ფუნტია. პოლიცია ამბობს, რომ ჯარიმებზე მეტად ხალხის კანონმორჩილების და გაგების მიედი აქვს, რადგან შეუძლებელია გააკონტროლო ვინ რამდენჯერ გამოვიდა დღეში ქუჩაში.

ევროპის ბევრი ქვეყანა ჯერჯერობით არ მისულა იმ ზომამდე, როცა ყველა მოქალაქეს მსუბუქ შინაპატიმრობას მიუსჯის. კერძოდ, ასეთი ქვეყნები არიან ბენილუქსის და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია.

ამ ქვეყნებმა ჯერჯერობით უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტეს, სასწავლო და გასართობი დაწესებულებები დახურეს, მასობრივი ღონისძიებები და თავშეყრა აკრძალეს, თუმცა ქუჩაში გამოსვლის აკრძალვამდე ჯერ საქმე არ მისულა.მაგრამ არ გამოირიცხება, რომ მათაც მოუწიოთ ზომების გამკაცრება.

“ზოგმა კარანტინი ისე აღიქვა, როგორც მოულოდნელი მხიარული შვებულება, როცა შეგიძლია ახლობლებთან ერთად შეიკრიბო, სავაჭრო ცენტრებში იშოფინგო და გაერთო. გაფრთხილებები, თხოვნები, სამწუხაროდ არ მოქმედებს. ამიტომაც სხვა გზით უნდა წავიდეთ“– დაწერა 23 მარტს ფეისბუქზე ლიტვის პრემიერ მინისტრმა, საულიუს სკვერლიალისმა. 25 მარტიდან კი ლიტვამ ორ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება აკრძალა.

წერტილოვანი კარანტინი

პოსტსაბჭოთა სივრცეში კორონავირუსს ყველა თავისებურად ებრძვის. ვიღაც საზოგადოებრივ ტრანსორტს აჩერებს, ზოგი მთელ ქვეყანაში ერთკვირიან არდადეგებს აცხადებს.

ყაზახეთის ხელისუფლებამ მაგალითად არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ წერტილოვანი კარანტინი შემოიღო. მათ კარანტინი ორ დედაქალაქში – ნურსულთანსა და ალმატიში შემოიღეს და იქ შესვლა–გამოსვლა აკრძალეს, დახურეს მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

გარდა ამისა, ყაზახეთში კარანტინში ჩასვეს ცალკეული საცხოვრებელი სახლები – ისინი, სადაც ვირუსის მატარებლები ან ეჭვმიტანილები ცხოვრობენ.