კოსოვოს პარლამენტმა არმიის შექმნას მხარი დაუჭირა

{{ARTICLEIMAGE}}
კოსოვოს პარლამენტარებმა კანონპროექტი დაამტკიცეს, რომელიც სრულფასოვანი არმიის შექმნას ითვალისწინებს და რასაც მწვავედ ეწინააღმდეგება სერბეთი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 14 დეკემბერს გამართულ სხდომას, რომელზეც კოსოვოს მსუბუქად შეიარაღებული ძალების პროფესიულ არმიად გარდაქმნა უნდა დაემტკიცებინათ, ბოიკოტი გამოუცხადა სერბ კანონმდებელთა უმცირესობამ, ასეთ ფონზე კანონპროექტი ერთხმად მიიღეს.

ნაბიჯს მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ ამ ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ ქვეყანაში, გარდა კანონმდებლებისა, რომლებიც წარმოადგენენ 120,000 ადამიანისგან შემდგარ სერბ უმცირესობას. აშშ-მა მხარი დაუჭირა კოსოვოს ნაბიჯს, თუმცა შეეცადა მოწინააღმდეგეები დაერწმუნებინა, რომ ამ პროცესს “ბევრი წელიწადი” დასჭირდება. პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ფილიპ კოსნეტმა განაცხადა, “კოსოვოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, ბუნებრივია თავდაცვის შესაძლებლობის ქონაო”. ნაბიჯს ძლიერად ეწინააღმდეგებიან ბელგრადი და კოსოვოს ეთნიკური სერბები, რომლებიც ამბობენ, რომ ამით დაირღვევა გაეროს რეზოლუციები და ამ ძალას სერბი უმცირესობის წინააღმდეგ გამოიყენებენ – რასაც პრიშტინა უარყოფს. ნაციონალისტური ორიენტაციის სერბული გაზეთები წერენ, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა, ახალი კონფლიქტი მოჰყვეს.

ცნობისათვის, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში, კოსოვოს ომიდან თითქმის დეკადის შემდეგ, გამოაცხადა. კონფლიქტს 13 000 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 10 000 ეთნიკურად ალბანელი იყო. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობა დღემდე არ აღიარებს, რადგან თვლის, რომ ეს ტერიტორია სერბეთის “იერუსალიმია”, სადაც რამდენიმე ისტორიული სერბული მონასტერია. ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1389 წელს სერბეთის მეფე ლაზარმა ოტომანთა იმპერიის სულთანი მურადი დაამარცხა, საიდანაც “სერბული ცივილიზაციის” ათვლა იწყება. კოსოვო გაეროს 114 ქვეყანამ უკვე აღიარა, მაგრამ არა რუსეთმა და ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანამ: საბერძნეთმა, ესპანეთმა, რუმინეთმა, კვიპროსმა და სლოვაკეთმა.