კრიზისი სამეფო ოჯახში: ჰარი განადგურებულია, მეგანი პრინციპულად არის განწყობილი. როგორ გადაწყდება უპრეცედენტო საკითხი

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მათი ისტორიული და სკანდალური გადაწყვეტილების შედეგებს იმკიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრინცი უმძიმეს მდგომარეობაშია. ლონდონში ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ მეგან მარკლი კანადაში დაბრუნდა, სადაც ბავშვი ძიძასთან ერთად ყავდა დატოვებული. პრინცი კი ლონდონში დარჩა და ცდილობს საკუთარი ოჯახის მომავალი ბედი გაარკვიოს.

წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ ისინი სამეფო ოჯახიდან “აბუჩად აგდებით და დამცინავი დამოკიდებულებით“ განდევნეს. მეგანი პრინციპულად არის განწყობილი. ის დრაწმუნებულია, რომ ასეთი ცხოვრება მას არ უნდა. ამავე დროს, ჰარი საკმაოდ დაბნეული და დამძიმებულია სამეფო უფლებამოსილებებზე და პრივილეგიებზე უარის თქმის შესახებ მისი და მეგანის გადაწყვეტილების გამო.

“ჰარი ძლიერ ზეწოლას განიცდის არჩევანის გაკეთებისას. ძალიან სევდიანი ამბავია. მას უყვარს დედოფალი. უყვარს თავისი ქვეყანა. უყვარს საკუთარი სამხედრო წარსული. ეს წასვლა მას უდიდეს გულისტკივილად დაუჯდება. ის დარდისგან მკვდარია. არ ვფიქრობ, რომ ეს ის არის, რაც მას მართლაც უნდა. მას კომპრომისის მოძებნა სურს“ – ამბობს პრინცის ახლო მეგობარი.

“ყოფილი ამერიკელი მსახიობი, მეგან მარკლი თავიდანვე შეეჯახა იმას, რომ არავინ ჩქარობდა მის მიღებას – არც ქმრის ნათესავები, არც ბრიტანული საზოგადოება. სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ერთგვარ ოპალში აღმოჩნდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ მუდმივად მიუთითებდნენ მათ მოკრძალებულ ადგილზე.“– ამბობს ინსაიდერი.

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მათ სამეფო როლს თავდაჯერებულად და წარმატებით თამაშობენ. მეგანი და ჰარი კი გრძნობდნენ, რომ მათთან კონკურენციას ვერ უძლებდნენ. მათ ხელფეხი ქონდათ შეკრული. ოჯახის გარემოცვის წარმომადგენელი ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ უილიამი და მისი მეუღლე თავიდანვე ისე იქცეოდნენ, რომ მეგანი და ჰარი ახლოს არ მიეშვათ.

ამავე დროს, ჰარის და მეგანის გადაწყვეტილება სამეფო უფლებამოვალეობებზე უარის შესახებ ბრიტანული მონარქიისთვის სერიოზულ დარტყმად იქცა. პრინცმა და მისმა მეუღლემ ეს ნაბიჯი ისე გადადგეს, რომ წინასწარ არავისთვის არაფერი უთქვამთ და გარშემომყოფებზე არც უფიქრიათ. ჰარი იმდენად იყო ჩაფლული საკუთარ განცდებში, რომ არც კი დაფიქრებულა უფროს ძმაზე, რომელთანაც ოდესღაც უახლოესი მეგობრობა აკავშირებდა.

ფაქტია, რომ ჰარის და მეგანის გადაწყვეტილებამ სამეფო ოჯახში კრიზისი გამოიწვია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ყველასთვის მულოდნელი იყო. გარდა ამისა, ასეთი პრეცედენტი სამეფო კარის ისტორიაში არ არსებობს.

სამეფო კარის ექსპერტების აზრით სამეფო ოჯახს ბევრი რთული საკითხის გადაწყვეტა მოუწევს: ჰარის და მეგანის ფორმალური მოვალეობების, ფინანსების, საგადასახადო დაბეგვრის და სხვა ბევრი ნიუანსის ჩათვლით.

1. შეუწყდება თუ არა წყვილს დაფინანსება ბრიტანეთის ბიუჯეტიდან

ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ უნდათ ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ და მზად არიან უარი თქვან დედოფლის გრანტზე, რომელსაც მონარქთა ოჯახი ყოველწლიურად იღებს მთავრობისგან ცერემონიული მოვალეობების შესასრულებლად. ჰარის და მეგანის პერსონალთან დაკავშირებული ხარჯების 5% სწორედ ამ თანხებიდან იფარებოდა. დანარჩენ ხარჯებს პრინცი ჩარლზის უძრავი ქონება ფარავდა. ჰარის მამას ეკუთვნის კორნუოლის საჰერცოგო, რომლის უძრავი ქონების ღირებულება ჯამში 1 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული. ჰარის და მეგანის განცხადებაში გამოთქმულია მოლოდინი, რომ ეს ფინანსური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

წყვილი იმასაც ამბობს, რომ ისინი უკვე დამოუკიდებლად ანაზღაურებენ პირადი მოგზაურობის ხარჯებს. გასულ წელს ისინი კერძო თვითმფრინავების გამოყენების გამო გააკრიტიკეს და ახლა მათ სურთ შესაძლებლობისდა მიხედვით კომერციული ავიახაზები, მატარებლები და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები გამოიყენონ.

სამეფო ოჯახის ოფიციალური ვიზიტები საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იგეგმება და სამეფო გრანტიდან ფინანსდება. ჰარის და მეგანს როგორც ჩანს იმედი აქვთ, რომ ეს პუნქტი ძალაში დარჩება.

2. როგორი იქნება მათი შემოსავალი

ბევრის წარმოდგენაში ჰარი და მეგანი ისედაც უკვე ძალიან მდიდრები არიან. მონარქიული ოჯახის ფინანსებზე წიგნის ავტორის, დევიდ მაკლურის თქმით, პრინცესა დიანას სიკვდილის შემდეგ ჰარის მემკვიდრეობით 7 მილიონი ფუნტი ერგო. მეგანი კი მის გაცნობამდე წარმატებული მსახიობი იყო. ექსპერტის თქმით მათი ერთობლივი ქონება დაახლოებით 13–20 მილიონ დოლარს შეადგენს.

მათ შეუძლიათ ბიზნესითაც დაკავდნენ, თუმცა ეს შეიძლება რისკის შემცველი აღმოჩნდეს სამეფო ოჯახის წევრებისთვის. არსებობს დაუწერელი წესი, რომ სამეფო ოჯახის წევრი რომც მუშაობდეს ამისათვის ხელფასს არ უნდა იღებდეს, განსაკუთრებით თუ საქმე ინტერესთა კონფლიქტს ეხება.
მაგალითად, დედოფლის უმცროსი შვილი ედუარდი და მისი მეუღლე მძაფრი კრიტიკის ობიექტები გახდნენ, როცა ტელეკომპანია და პიარ კომპანია დააფუძნეს.
თუ ჰარი და მეგანი ანაზღაურებად სამუშაოს დაიწყებენ, ისინი შეიძლება სამეფო ბრენდით ფულის კეთებაში დაადანაშაულონ.

3. დარჩება თუ არა მათ განკარგულებაში ფროგმორ კოტეჯი

წყვილი აპირებს უინძორში მდებარე ისტორიული სახლი კვლავ გამოიყენოს. ამ სახლის რეკონსტრუქციაზე სახელმწიფომ 2.4 მილიონი ფუნტი დახარჯა. წყვილმა განცხადებაში აღნიშნა, რომ თუ შეძლებენ ამ შენობით კვლავ ისარგებლონ, ესეიგი ბრიტანეთში ყოველთვის ექნებათ საკუთარი სახლი.  თუმცა ჰარის და მეგანს კარგად ესმით, რომ ბოლო სიტყვა ამ საქმეში დედოფალს ეკუთვნის. სწორედ მისი საკუთრებაა ფროგმორ კოტეჯი.

როგორ გადაიხდიან გადასახადებს

თუ ჰარი და მეგანი გადაწყვეტენ დროის დიდი ნაწილი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ გაატარონ, ეს გადასახადების გადახდაზეც აისახება. კანადის კანონებით, სადაც წყვილი აპირებს ცხოვრებას, ადამიანები, ვინც ქვეყანაში წელიწადში 183 დღეზე მეტს ატარებენ, ვალდებული არიან გადასახადი გადაიხადონ სრული შემოსავლიდან, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში მიიღეს ეს შემოსავალი.
ბრიტანეთშიც მსგავსი წესი მოქმედებს, თუმცა ბრიტანული კანონებით ვადა 90 დღეა.

ჰარი უკვე გააფრთხილეს, რომ მას ორმაგი გადასახადების გადახდა მოუწევს, თუ ორ ქვეყანაში იცხოვრებს, წერს გამოცემა Mail on Sunday.

ეყოლება თუ არა წყვილს ძველებურად დაცვა

ჰარის და მეგანის დაცვის საკითხს ჰოუმ ოფისი არეგულირებს, როგორც საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანებისას. მათ დაცვას შეიარაღებული პოლიცია ახორციელებს.ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ემილი ტორნბერიამ განაცხადა, რომ აუცილებელია ასეც გაგრძელდეს და კარგი იქნებოდა, ბრიტანელმა გადასახადის გადამხდელებმა გადაიხადონ ჰარის და მეგანის უსაფრთხოების ფული, როგორც ეს ყოფილი მინისტრების შემთხვევაში ხდება. თუმცა, როგორც სანდი თაიმსი ამტკიცებს, სკოტლანდ იარდი განიხილავს შეიარაღებული პოლიციელების ელექტროშოკებით აღჭურვილი პოლიციელებით ჩანაცვლების საკითხს, რათა ხაზინას წყვილის დაცვა მეტისმეტად ძვირი არ დაუჯდეს.

ჰარის და მეგანის უსაფრთხოების საკითხს ბუკინგემის სასახლე, მინისტრთა კაბინეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავენ. კიდევ ბევრი საკითხია სამომავლოდ გასარკვევი, რომელთა დასარეგულირებლად დრო იქნება საჭირო.