104 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კერკ დუგლასი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავი სოციალური ქსელების მომხმარებლებს მისმა შვილმა, 75 წლის მაიკლ დუგლასმა შეატყობინა. საკუთარი განცხადება მან დაასრულა სიტყვებით, რომლებიც მამას მის ბოლო დაბადების დღეზე უთხრა: რომ უყვარს ის და ამაყობს რომ მისი შვილია.
“მთელი მსოფლიოსთვის ის ლეგენდა იყო, კინოს ოქროს ხანის მსახიობი, ჰუმანისტი, რომლის ერთგულება სამართლიანობისა და საქმისადმი ყველა ჩვენგანისთვის აწესებდა სტანდარტს… მაგრამ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის, ჯოელისა და პიტერისთვის ის უბრალოდ მამა იყო, კეტრინისტთვის – შესანიშნავი მამამთილი, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის კი მოსიყვარულე ბაბუა. მისი ცოლისთვის, ენისთვის კი შესანიშნავი ქმარი.“– წერს მაიკლ დუგლასი.
კინოკარიერის მანძილზე კერკ დუგლასი რამდენიმე ათეულ ფილმში გადაიღეს. მისი დებიუტი კინოში 30 წლის ასაკში შედგა. წარმატება კი რამდენიმე წელიწადში მოვიდა, როცა ჰოლივუდში რეგულარულად დაიწყეს მისი ფილმებში გადაღება.
მამის გზა აირჩიეს მისმა შვილებმაც, რომლებიც მას ორი ქორწინებიდან ყავდა. თუმცა, წარმატება მხოლოდ პირველმა შვილმა, მაიკლმა მოიპოვა.
1996 წელს, 80 წლის ასაკში კერკ დუგლასმა ინსულტი გადაიტანა, რომლის გამოც მეტყველება დაკარგა. ამის შემდეგ მისი სამსახიობო კარიერა დასრულდა. წერდა წიგნებს და ბლოგერიც კი გახდა.
კერკ დუგლასს არაერთი ჯილდო და პრემია აქს აღებული. მათ შორის არის ოქროს გლობუსი, ასევე ოსკარის სპეციალური პრემია კინემატოგრაფიულ საზოგადოებაში 50 წლიანი შემოქმედებითი და მორალური ძალისხმევისთვის.