თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს მიღებულ დაზიანებებზე ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა ხაბეიშვილმა განაცხადა.
„გამოძიებას მივეცი ჩვენება, მაგრამ ახალს ვერაფერს ვეტყოდი იმის გარდა, რაც საზოგადებამ ნახა. ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს და ფაქტობრივად, არაფერია გამოსაძიებელი. ანრი ოხანაშვილს რომ ვიღაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს, ის კაცი დააკავეს, საკრებულოს წევრს პოლიტიკური განცხადების გამო რომ ტურებივით დაესევიან, ის ხალხი დღეს თავისუფალი დადის.
ჩემი აზრით, არავინ არავის დასჯის, მარტივი რამის გამო, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გუშინ ისინი ჩემს პროვოცირებას ცდილობდნენ, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით. ანუ მათ უნდოდათ, რომ მე დამეწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაც უკაცრავად, მაგრამ ვერ მივართვი. ჩემი საქმე არ არის ფიზიკური დაპირისპირება, ჩემი საქმეა მათი კორუფციაში მხილება და მათ შორის, კონკრეტული ადამიანების დაცვა. რაც შეეხება ექსპერტიზას, როგორც კანონმორჩილი ადამიანი ჩავიტარებ ექსპერტიზას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.