ლუკას სიკვდილში დამნაშავე სახელმწიფოა – კახა კალაძე

„გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ?“ – თბილისის მერი კახა კალაძე ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა. კალაძემ განაცხადა, რომ დამნაშავე სახელმწიფო და საზოგადოებაა.

„ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ, მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში, რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა ჩვენში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა ჩვენს ირგვლივ იყო გამოწვევა, ხშირად შეიძლება ითქვას ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი იყო, ბიჭი გარდატეხის ასაკში , რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი რატომ? სამწუხაროდ, არ არსებობს თანაგრძნობა, სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ, ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება. როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე ვართ მთლიანად საზოგადოება, იმიტომ რომ ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი“ , – განაცხადა კალაძემ.