მადონას კიდევ ერთი ახალი კლიპი ახალი ალბომის გამოშვებამდე

გამოვიდა მადონას კიდევ ერთი ახალი კლიპი Crave, რომელიც მომღერალმა რეპერ Swae Lee–სთან ერთად ჩაწერა. ვიდეო მოგვიანებით მადონას ახალი ალბომის – Madam x –ის ნაწილი გახდება. კლიპის სიუჟეტში პოპ ვარსკვლავი სასიყვარულო წერილებს წერს ახალგაზრდა შეყვარებულს და მათ საფოსტო მტრედებით უგზავნის. კლიპი, ისევე როგორც მადონას სხვა ვიდეოები დახვეწილი ქორეოგრაფიით გამოირჩევა. მადონას ახალი ალბომი 14 ივნისს გამოვა. ალბომი 13 ახალი კომპოზიცია შევა, მათ შორის ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად ჩაწერილი სიმღერები.

ცოტა ხნის წინ მადონამ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი კლიპი გამოუშვა, რომელიც ამავე ალბომში შევა. ვიდეოს სახელწოდებაა Medellín – კოლუმბიური ქალაქის სახელი. მასთან ერთად კლიპში კოლუმბიელი მომღერალი მალუმი მონაწილეობს. ეს ალბომი მომღერლის კარიერაში რიგით 14–ეა. მადონა ამბობს, რომ მისი ახალი მუსიკის შთაგონების წყარო ლისაბონი იყო და მისი ალბომი სწორედ ლისაბონში დაიბადა. “ლისაბონში ჩემი ტომი და არაჩვეულებრივი მუსიკოსების ჯადოსნური სამყარო ვიპოვნე, რომლებმაც ჩემი რწმენა გაამყარეს იმის შესახებ, რომ მუსიკა მთელ მსოფლიოს აკავშირებს და სამყაროს სულია. “ – ამბობს პოპ მომღერალი.