მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით,  ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ, გუშინ საღამოს გაუარესდა.

შეგახსენებთ,  15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.