ამერიკის 50 შტატიდან, რეკრეაციული მარიხუანა ლეგალიზებულია 10 შტატში და ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი). სამედიცინო მარიხუანის მოხმარება კი კანონით 33 შტატშია დაშვებული. რიგში კიდევ სულ ცოტა, 8 შტატია, სადაც მის ლეგალიზაციას უახლოეს მომავალში ელიან.
რიგ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება და კანონმდებლები პირველი სერიოზული კვლევების შედეგებს ელოდებიან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. პიუს კვლევითი ცენტრის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდა, მარიხუანის ლეგალიზებას ყოველი 10 ამერიკელიდან დაახლოებით 6 ემხრობა, ჯამში – მოსახლეობის 62%. ეს 2000 წელს ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, ორჯერ მეტია.
ამ დარგში მომუშავე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მარიხუანის ლეგალიზება რამდენიმე წელში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება. მათ ვარაუდს ახალი კვლევაც ამყარებს, რომელიცა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის “ჯამა” (JAMA Pediatrics) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა შეისწავლეს ის შტატები, სადაც რეკრეაციული მარიხუანაა ლეგალიზებული, ანუ სადაც მას არა წამლად, არამედ სიამოვნებისთვის, ისევე როგორც ალკოჰოლს, ლეგალურად იღებენ. ამისთვის საჭირო გახდა ბოლო, თითქმის 12 წლის მონაცემების გაანალიზება. ერთმანეთს შეადარეს მწეველთა რაოდენობა ლეგალიზაციამდე და ლეგალიზაციის შემდეგ.
დღეისთვის შესწავლილია 1.5 მილიონამდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მონაცემთა ბაზა, რომელიც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ელექტრონულ სისტემაშია დაცული. აქვე ვიტყვით, რომ კვლევა დააფინანსა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დაქვემდებარებაში მყოფმა, ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. ასე რომ, მიღებულ შედეგებზე კერძო კომპანიების ინტერესების ზემოქმედება გამორიცხულია.
შედეგი: 2018 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ იმ შტატების მოზარდებში, სადაც რეკრეაციული მარიხუანა არამარტო დეკრიმინალიზებული, არამედ ლეგალიზებულიცაა, მარიხუანის მოხმარებამ 8%-ით იკლო. იგივე მონაცემმა ხშირ მწეველებში 9 პროცენტით იკლო. ხშირ მწეველებში იგულისხმება ადამიანები, რომლებიც 30 დღეში მარიხუანას სულ ცოტა, 10-ჯერ ეწევიან.
კვლევამ გააქარწყლა იმ სპეციალისტების წინასწარი ვარაუდი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ლეგალიზაცია მარიხუანის ახალგაზრდა მწეველების რაოდენობას გაზრდიდა. იყო შტატების დონეზე ჩატარებული კვლევებიც, სადაც ჩანდა, რომ მონაცემები ლეგალიზაციის შემდეგ არ შეცვლილა. ახალი ნაშრომი გაცილებით მასშტაბურია და უფრო სანდო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. მის მიხედვით, ლეგალიზაცია ხელს უწყობს თინეიჯერებში მწეველთა რაოდენობის შემცირებას.
მეცნიერების აზრით, მოზარდებში მწეველების რაოდენობის შემცირების მთავარი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ახლა მარიხუანის გამყიდველები აღარ არიან ნარკო-დილერები, რომლებიც მას ნებისმიერ ადამიანს აძლევდნენ. ისინი დღეს ჩაანაცვლა ლიცენზირებულმა დაწესებულებებმა, სადაც მარიხუანის მყიდველს, ასაკის დამადასტურებელ აიდი-ბარათს სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პუნქტები ლიცენზიის ჩამორთმევის და დახურვის რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან.
მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ 20 წლამდე მარიხუანის მოწევა თინეიჯერების ჯანმრთელობას სერიოზულ რისკებს უქმნის. მაშინ, როცა მოზარდის თავის ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მარიხუანამ შესაძლოა მას გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს.
ხშირი მოწევა მოზარდებში არღვევს სუნთქვის პროცესს და თავის ტვინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სისხლის მიწოდების რეჟიმს. ასევე იცვლება თავის ტვინის სტრუქტურა ზომების და ცალკეული უბნების ერთმანეთთან დაკავშირების მხრივ.
შედეგად, თინეიჯერებში ჩნდება როგორც კოგნიტური, ასევე სოციალური ურთიერთობების პრობლემები. რისკებს შორის სახელდება ფსიქიკური პრობლემები, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და სხვა.
მარიხუანის მოწევის გამო, თინეიჯერებში 7-ჯერ მეტია ზრდასრულ ასაკში ნარკოტიკზე დამოკიდებულების გაჩენის შანსიც.
წყარო: ამერიკის ხმა