მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია- იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია.

ამ ქალისთვის კორონავირუსის დადგენის შემდეგ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

იმნაძის თქმით, გადამოწმება კიდევ საჭიროა, მაგრამ ინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.

,,შეგვიძლია, უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო, პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო მისივე ოჯახის ერთერთი წევრია, რომელიც სხვა ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში.

ახლა კიდევ საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება, მოგეხსენებათ, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.” – ამბობს პაატა იმნაძე.

62 წლის მარნეულელ ქალს COVID 19  22 მარტს დაუდასტურდა. 23 მარტს ბოლნისისა და მარნეულის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა, რადგან ქალს დაახლოებით 1700-მდე კონტაქტი დაუდგინდა.

პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ მარნეულის რაიონში კორონავირუსის ფართო გავრცელება არ გვაქვს და ჯერჯერობით ყველა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, მარნეულელ ქალს უკავშირდება.