Marriott–ის სასტუმროების ქსელი რუსეთიდან მიდის

სასტუმროების მსოფლიო ქსელი Marriott რუსეთს ტოვებს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ–ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ შემოღებულმა ახალმა შეზღუდვებმა ქსელის ან მისი ფრანშიზის რუსულ ბაზარზე საქმიანობა შეუძლებელი გახადა. ამიტომ  Marriott International –მა რუსეთში მუშაობის შეჩერება გადაწყვიტა.

ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ ოპერაციების შეჩერების პროცესი ბაზარზე, სადაც Marriott 25 წელია მუშაობს, რთული იქნება.

როსტურიზმის მეთაურმა, ზარინა დოშუზოვამ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ ყველა სასტუმრო მუშაობას გააგრძელებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს როგორ მოხდება.  სავარაუდოდ გულისხმობდა იმას, რომ ბრენდების გასვლის შემდეგ სასტუმროების მართვას ადგილობრივი კომპანიები განაგრძობენ.

ომის დაწყების შემდეგ მარიოტის 85 სასტუმრო მეზობელ ქვეყნებში უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს. კომპანიამ 2.7 მილიონი დოლარი შესწირა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

ასევე, სასტუმროების ქსელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ლტოლვილების დასაქმებით არის დაკავებული: 250–ზე მეტი უკრაინიდან ლტოლვილი უკვე დასაქმდა 15 ევროპულ ქვეყანაში 40–მდე სასტუმროში.

ამერიკულ სასტუმროს ქსელებს ომის დაწყების პირველ თვეებში ზომიერი პოზიცია ჰქონდათ. მათ პირობა დადეს, რომ ახალი ობიექტების მშენებლობას შეაჩერებდნენ, თუმცა სასტუმროები მუშაობას განაგრძობდნენ.

ცნობილი ქსელური სასტუმროები ამბობენ, რომ ისინი რუსეთში უძრავ ქონებას არ ფლობენ და მხოლოდ ადგილობრივი პარტნიორებისთვის ბრენდის ლიცენზიას და საოპერაციო სისტემებს გასცემენ.

25 მარტს რუსეთი დატოვა მაღალი კლასის სასტუმროების ამერიკულმა ქსელმა Hyatt hotels.