ME TOO! ოღონდ, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს – მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სექსუალურად ავიწროებდნენ.

“პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება, არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება, საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს, რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ… მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახავ, კედელს ეკვრი, სადმე შორს თუ მოკრავ თვალს, სწრაფად გარბიხარ, საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს, რამდენიმე მეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული გაქვს, ცდილობ, არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო… მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ…

რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები? იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ, ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ, რომ, როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ, რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე. მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემს გარშემო ამ მამაკაცის შევიწროვებული სხვა ქალებიც ვნახე. ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი, არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც! ME TOO!!! ოღონდ, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!” – დაწერა ასათიანმა.