კანადელ მეცნიერთა ჯგუფმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან გაარკვია, რომელი დაავადებებისგან გვიცავს ყავა. კვლევის შედეგები სამეცნიერო პორტალ ScienceDaily–ში გამოქვეყნდა.
შეისწავლეს ყავის სამი ტიპი: ნაკლებად მოხალული და მაგრად მოხალული, კოფეინით და უკოფეინოდ. გაირკვა, რომ მაგრად მოხალული ყავა როგორც კოფეინით, ასევე უკოფეინოდ, ხელს უშლის კოგნიტიური უნარების ასაკობრივ დაქვეითებას, რაც ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ დადებით ეფექტს არა თავად კოფეინი ახდენს, არამედ სხვა ნივთიერება, რომელიც მოხალვისას გამოიყოფა. ეს არის ანტიოქსიდანტი ფენილინდანი, რომელიც ხელს უშლის ამილოიდური ფოლაქების – ნეიროფიბრილარული ბურთულების წარმოქმნას, რომლებიც დემენციას აძლიერებენ.
კვლევის ერთ–ერთი ავტორი, დონალდ უივერი ამბობს, რომ ფენილინდანები უნიკალურია იმით, რომ ისინი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც აღკვეთს, უფრო სწორად კი ზღუდავს ბეტა ამილოიდებს და ტაუ–ცილების დაგროვებას, რომლებიც ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი.