ჟურნალისტებზე თავდასხმის გახშირებული ფაქტები და ათობით გამოუძიებელი საქმე – დღეს მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტების მიმართ გახშირებულ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მედიის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის წახალისებული.
მათი თქმით,სრულიად დაუშვებელია ჟურნალისტების მიმართ ისეთი მოპყრობა, როგორსაც სულ რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის დარბაზში ჰქონდა ადგილი, როცა ტაბულას ჟურნალისტი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
სამოქალაქო აქტივისტები საგანგაშო სტატისკტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, 20 ივნისს აქციის დარბევისას დაშავებული მოქალაქეების უმრავლესობა სწორედ ჟურნალისტები იყვნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალადობის ეს ფაქტები ამ დრომდე გამოუძიებელია, ამას კი პოლიტიკური ნების არ არსებობას უკავშირებენ. აქციის მონაწილეებმა შექმნილი მდგომარეობა სასტვენებითა და ტრანსფარანტებით გააპროტესტეს და მმართველ გუნდს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.