10 იანვარს მეგან მარკლი წელს პირველად გამოჩნდა საჯაროდ, ამჯერად სამეფო მფარველის სტატუსით. ფეხმძიმე ჰერცოგინიამ საქველმოქმედო ორგანიზაცია Smart Works მოინახულა, რომელიც უმუშევარ ქალებს დასაქმებაში ეხმარება. პრინცი ჰარის 36 წლის მეუღლე სულ ცოტა ხნის წინ გახდა ერთდროულად რამდენიმე ორგანიზაციის მფარველი და საკმაოდ მალე შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას. პროექტის ორგანიზატორებთან ერთად მეგანი ქალბატონებს იმაზე ესაუბრა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გასაუბრებაზე, რომ მომავალ დამსაქმებლებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ.
ოფიციალური შეხვედრისთვის მეგანმა სადა სამოსი არჩია: შავი კაბა ფეხმძიმე ქალის ტანსაცმელზე სპეციალიზირებული ბრენდის – Hatch – ის კოლექციიდან და Oscar de la Renta –ს პალტო.