მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორონავირუსი უდიდესი გამოწვევაა– ავსტრიის კანცლერი

ახალი ვირუსი ავსტრიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა.

“ჩვენ უსერიოზულეს გამოწვევას შევეჯახეთ… უნდა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და თან შევინარჩუნოთ ეკონომიკა და სამუშაო ადგილები ავსტრიაში. ეს ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია“– ამბობს ის.

კანცლერის თქმით ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელების ტემპები იტალიისას 10–14 დღით ჩამორჩება. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება გადამწყვეტ ზომებს მიიღებს. 16 მარტიდან ქვეყანა ავარიულ რეჟიმზე გადადის. იტალიიდან კორონავირუსის არქონის შესახებ სამედიცინო ცნობის გარეშე ქვეყანაში ვეღარავინ შევა. გარდა ამისა, აპრილის დასაწყისამდე ავსტრიაში აიკრძალება ხალხმრავალი ღონისძიებები.

ორშაბათიდან ქვეყანაში დროებით დაიკეტება სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. დამსაქმებლებს ეძლევა რეკომენდაცია თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის საშუალება მისცენ.

ავსტრიაში დაიკეტა ზოგიერთი მაღაზია და შეიზღუდა კაფე–რესტორნების მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 600–ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. პირველი გარდაცვალების შემთხვევა ვენაში 12 მარტს დაფიქსირდა.