{{ARTICLEIMAGE}}საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს. ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებამ სახელმწიფოს დემოკრატიული რეპუტაცია გაანიავა და ამის შემდეგ მთავრობას ძალიან გაუჭირდება “მითიურ რეფორმების ტალღაზე” ლაპარაკი.
დღესვე ჟურნალისტებმა ანალოგიურ თემაზე შეკითხვა დაუსვეს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არჩევნების საკითხზე შეშფოთება არ გამოუხატავს.
დღეს გავრცელებული ცნობით, აშშ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი დარღვევებით შეშფოთებულია, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, ახლა ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება, როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია.
“აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოსNATO-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. მოხარულნი ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა.შეშფოთებულნი ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ იქნება იმლემენტირებული ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მმართველ გუნდს დიალოგის დაწყება შესთავაზა და განაცხადა, რომ სწორედ 16 დეკემბრამდე აქვს ხელისუფლებას ვადა, გამოყოს 5-კაციანი ჯგუფი ოპონენტებთან სასაუბროდ. გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.