მეტროს საბურთალოს ხაზზე დაკვამლიანების გამო მოძრაობა ერთი საათით შეჩერდა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დილიდან შეფერხებით მუშაობს. ამის მიზეზი მეტროსადგურ დელისზე “შპალის“ დაწვა გახდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით მატარებლის მოძრაობის დროს დაზიანდა ე.წ. ხის შპალი, რომელზეც რელსებია განთავსებული. თვითონ მეტროსადგურზე ხანძარი არ გაჩენილა, თუმცა იყო მცირედი დაკვამლიანება.

ამის გამო საჭირო გახდა ძაბვის მოხსნა, რის გამოც საბურთალოს ხაზზე მეტროსადგურები დაიკეტა.

ერთსაათიანი შეფერხების შემდეგ მოძრაობა აღდგა.