რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა, იღუმენმა ფონტიუსმა ერთი წლის ბავშვს ნათლობისას ტრავმა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო ერთ–ერთმა რუსულმა პორტალმა გაავრცელა. ინციდენტი მარიენბურგის ტაძარში მოხდა. კადრებზე ჩანს, როგორ აყოფინებს მღვდელი თავს ატირებულ ბავშვს წყალში ძალის გამოყენებით. მას შემდეგ კი, რაც შეშფოთებული დედა ბავშვის დახმარებას ცდილობს, დედას შვილს არ აძლევს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბავშვის მონათვლაში დედამ 3500 რუბლი გადაიხადა. ნათლობის შემდეგ ბავშვს დაზიანებები და სილურჯე აღენიშნება. ქალმა პოლიციას მიმართა. გარდა ამისა, მისი თქმით ამ ინციდენტს ეპარქიაშიც მიაქციეს ყურადღება და ქალს შეპირდნენ, რომ მღვდელს მსახურების უფლებას შეუჩერებენ.
ვიდეოსთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარი თავად მღვდელმაც გააკეთა.
“ვითომ რა მოხდა? არაფერიც არ დაშავებულა. მე არაფერში ვარ დამნაშავე. უბრალოდ დედა იყო ძალიან ემოციური – არაეკლესიური ადამიანი აღმოჩნდა და შვილის მონათვლისთვის მზად არ იყო.“ –თქვა მან და დასძინა, რომ ნათლობის რიტუალი ბავშვის წყალში სამჯერ ჩაყვინთვას ითვალისწინებს და არა თავზე ოდნავ წყლის დასხმას.