MI6: რუსული არმია გამოიფიტა. უკრაინელებს შეტევაზე გადასვლა შეუძლიათ

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მეთაური, რიჩარდ მური აცხადებს, რომ შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის არმიას სულ უფრო გაუჭირდება ფრონტზე ახალი სამხედროების და შეიარაღების გაგზავნა. მისი აზრით, უკრაინისთვის ეს ნიშნავს ახალი ფანჯრის გაჩენას კონტრშეტევისთვის.

“ვფიქრობ ისინი მალე გამოიფიტებიან. მოუწევთ გარკვეული პაუზის გაკეთება, რაც უკრაინელებს შესაძლებლობას მისცემს საპასუხოდ დარტყმა განახორციელონ“–თქვა მურმა აშშ–ში, ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე.

MI6–ს მეთაურმა ეპიკური ჩავარდნა უწოდა რუსეთის წარუმატებლობას მისი თავდაპირველი მიზნების მიღწევის საქმეში. ეს მიზნები იყო: უკრაინის პრეზიდენტის მოშორება, კიევის აღება და დასავლეთში განხეთქილების შეტანა.

მან რუსეთის უკრაინაში შეჭრას აგრესიის ყველაზე აშკარა, დაუფარავი ფაქტი უწოდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ივლისის დასაწყისში ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსეთის არმიამ ოპერატიული პაუზის შესახებ განაცხადა, თუმცა რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სამხედროებს მოქმედებების აქტივიზაცია უბრძანა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუს სამხედროებს არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, მათ შორის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, სადაც მათი ძირითადი ძალებია კონცენტრირებული.

უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიის დასუსტებას დასავლეთის მიერ მიწოდებული შორსმსროლელი არტილერიის გამოყენებას უკავშირებენ, პირველ რიგში კი ამერიკული  HIMARS–ების, რაც უკრაინელებს საშუალებას აძლევს რუსეთის იარაღის საწყობებს და ბაზებს დაარტყან და ამგვარად მოსკოვის უპირატესობა გაანადგურონ.

ასპენში მიმდინარე ფორუმისას მურმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები მოკლული სამხედროების სახით მინიმუმ 15 ათასია. ეს მონაცემი დაასახელა აშშ–ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს უფროსმა უილიამ ბერნსმა. ცნობილია, რომ დასავლური სტრუქტურები დანაკარებს მხოლოდ დადასტურებული და იდენტიფიცირებადი შემთხვევებიდან ითვლიან.

თავად მურმაც ამ მონაცემებს “კონსერვატიული შეფასება“ უწოდა.

“ეს დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც რუსებმა ავღანეთში ათწლიანი ომის დროს დაკარგეს. და ეს სულაც არ არიან ბიჭები მოსკოვის და პეტერბურგის საშუალო კლასიდან. ესენი არიან ღარიბი ბიჭები ციმბირის მუშათა ქალაქებიდან. მათ შორის არაპროპორციულად ბევრია ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენელი. ეს საზარბაზნე ხორცია“–თქვა მურმა.

მისი შეფასებით, გარდაცვლილების გარდა, რუსეთის არმიამ უკრაინაში დამატებით 45 ათასი ჯარისკაცი დაკარგა დაჭრილების სახით.

უკრაინული მხარის მონაცემებით რუსეთმა უკრაინაში ომის განმავლობაში 38.5 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.