„ქართული ოცნების“ მიერ შუალედური არჩევნებისთვის მერობის და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ოპოზიციის შეფასებით, „ქართულ ოცნების” ნებისმიერი კანდიდატი მარცხისთვისაა განწირული.
„ნებისმიერი კონკრეტული სახელის და გვარის უკან დგას რეალობა, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, გაუარესებული, გართულებული ცხოვრება და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ რა სახელი და გვარიც არ უნდა არჩიოს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციური კანდიდატების წარმატებაში, იმიტომ, რომ საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესობა და ცვლილებების და უკეთესობის ერთადერთი გზა არის დღევანდელი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით დამარცხება და ჩამოშორება, რომელი სახელი და გვარიც არ უნდა წარმოადგენდეს ამ ხელისუფლებას კონკრეტულ არჩევნებზე,“ – განცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახიძის დასახელებას, მას უარყოფითად აფასებენ, როგორც “ევროპულ საქართველოში”, ასევე ლეიბორისტულ პარტიაში.
ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ ლადო კახაძის კანდიდატურა,როგორც “მკვდარზე ვენოკი” შეაფასა და მისი წარუმატებელი პოლიტიკური საქმიანობა გაიხსენა.
„ორსულად რომ მყავდეს მეუღლე და ექოსკოპისტი მჭირდებოდეს, ლადო კახაძესთან, ალბათ, მივიყვანდი. დიდი სუფრა რომ იყოს და თამადა გვჭირდებოდეს, ამასაც შეიძლება დავთანხმებოდი. როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტზე, ლადო კახაძის დაყენება არის მთაწმინდელების, მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა და დაცინვა. „ქართული ოცნებისგან“ ეს ჩვეულებრივია იმიტომ, რომ ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან რა კატასტროფის წინაშე არიან, ლადო კახაძის არჩევანი სწორედ ამის მანიშნებელია. როდესაც პარტიას აკლია კვალიფიციური იურისტები, ეკონომისტები, როცა მმართველი პარტიის და შესაბამისად, მთავრობის მთავარი პრობლემა კვალიფიკაციის ნაკლებობა და უნიათობაა, ლადო კახაძე ნამდვილად მკვდარზე „ვენოკია“ „ქართული ოცნებისთვის“. მე მას პერსონალურ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა ლადო კახაძემ რით დაგვამახსოვრა თავი? 90-იანების ბოლოში ის იყო „ლეიბორისტი“, შემდეგ გადმოხტა „მოქალაქეთა კავშირისკენ“ და გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ იყო დიდი პაუზა, 2016 წელს ბურჭულაძის პარტიიდან იყრიდა კენჭს და მიიღო 2%“ – განაცხადა უგულავამ.
„ ლადო კახაძე არის მდარე პოლიტიკოსი. „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის გამო, რომ იმ პარტიაში იყო კახაძე, რომელსაც გამყიდველებს ეძახდა, ეს მორალური კომპრომისია და სამწუხაროა, რომ ასეთ მორალურ კომპრომისს სთავაზობს საზოგადოებას „ქართული ოცნება“,- განაცხადა უგულავამ.
შალვა ნათელაშვილმა კახიძის პოლიტიკური წარსული გაიხსენა და მოღალატეობრივად შეაფასა.
„98 წელს ეს ბატონი მოიყვანეს ჩვენთან, როგორც წარჩინებული გინეკოლოგი, ექიმი, ქალბატონების იმედი და მეც აღფრთოვანებულმა იმით, რომ გამოადგებოდა დედაქალაქს, მედიცინას, საზოგადოებას, ჩავწერე სიაში და დავნიშნე, პირდაპირი გაგებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ, საიდანაც რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში და უღალატა პარტიას, უღალატა იმ ხალხს, ვინც ის აირჩია დედაქალაქის დეპუტატად და საკრებულოს თავმჯდომარედ. ივანიშვილს ალბათ, მოღალატე „ლეიბორისტების“ გარდა აღარავინ აღარ დარჩა, ყველა გამოექცა და კიდევ გამოექცევა და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ისინი,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.
სახელისუფლებო პარტიამ დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.
კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში – გიორგი შენგელია, მარნეულში – ზაურ დარგალი, ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში – გივი მოდებაძე, ხულოში – ვახტანგ ბერიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.