Moderna–ს ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც ერევა

ფარმაცევტულმა კომპანია მოდერნამ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებულ ვაქცინას დიდი ალბათობით შეუძლია კორონავირუსის ახალ, უფრო გადამდებ შტამებსაც მოერიოს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩნდა.

თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევების მიხედვით,  ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს ვირუსის ახალი ვარიანტების “ამოცნობაც“ შეუძლიათ და მათაც წარმატებით ებრძვიან.

მკვლევარებმა რვა ადამიანის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს, რომლებმაც მოდერნას ვაქცინის ორი დოზა მიიღეს და თავდაპირველი შედეგები დამაიმედებელი აღმოჩნდა. თუმცა ეს დასკვნები აცრილი ადამიანების უფრო გრძელვადიანი კვლევით უნდა გამყარდეს.

ვირუსის ახალი შტამი უკვე რამდენიმე ქვეყანაში გამოვლინდა. ბრიტანული და აფრიკული ვარიანტები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი ვირუსი. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით არის მტკიცებულებები, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკთან იყოს დაკავშირებული.

კომპანია Moderna–ს კვლევის მონაცემებით ვაქცინა საკმარისი რაოდენობით ანტისხეულებს ქმნის ორივე ვარიანტთან საბრძოლველად, თუმცა სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაში ორგანიზმის იმუნური პასუხი უფრო სუსტია. როგორც კომპანია აღნიშნავს, ეს შედეგი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ვირუსის ამ ვარიანტის შემთხვევაში დაცვა შეიძლება უფრო ხანმოკლე იყოს.