მოქალაქეებს რომ ვუთხრათ, გადაიხადეთ ტესტში თანხა და მიიღებთ პასუხს, არ არის სწორი მიდგომა- გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიისას კორონავირუსის ტესტების კომერციალიზაცია არეთიკურია და ამ დროს ყველა ხარჯი სახელმწიფომ უნდა დაფაროს.

მისი თქმით, მოქალაქეებისთვის იმის თქმა, რომ მივიდნენ, ტესტში თანხა გადაიხადონ და პასუხი მიიღონ, არასწორი მიდგომაა.

“ჩვენ რომ თავისუფლად, გარკვეული კომერციული ინტერესებისთვის მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ არის ტესტის ჩატარების შესაძლებლობა, მიდით, გადაიხადეთ გარკვეული თანხა და თქვენ მიიღებთ ტესტის პასუხს, ეს არ არის სწორი მიდგომა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთიანი ცენტრალიზებული ჩარჩო, როგორც ხარისხის კონტროლისთვის, ასევე, პასუხების ინტერპრეტაციისთვის, ასევე შემდეგი ქმედებისთვის, რომელიც უნდა ჯდებოდეს ერთიანი კლინიკური მართვის პროტოკოლის ფარგლებში ისევე, როგორც დიაგნოსტიკური ალგორითმის ფარგლებში”, — განაცხადა გაბუნიამ

მისივე თქმით, მასობრივი ტესტირების ჩატარებისთვის არც რესურსი და არც გონივრული საფუძველი არ არსებობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სწრაფი ტესტების გამოყენების ალგორითმი მუშავდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.