საქართველოში კორონავირუსის არსებობის დადასტურების გამო, რამდენიმე დღეა საზოგადოება მსჯელობს, შეიცვალოს უნდა თუ არა ზიარების წესი. ამ თემამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ეკლესიის პოზიციის მიმართ ცინიკური დამოკიდებულების გამო ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საკუთარ მოსაზრებას “ფეისბუქზე” აქვეყნებს:
“რწმენას რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია, მეცნიერებაც არ დაობს, მედიცინაც აღიარებს ამ ფენომენს, უბრალოდ, როგორც მეცნიერებას სჩვევია, სხვანაირ სახელს არქმევს – პლაცებო და ნოცებო ეფექტი ჰქვია, ადამიანის თვითგანკურნების ან თვითგანუკურნებლობის სასწაულს. სწორედ ამიტომ და არამარტო ამიტომ, მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი. მთავარია, გავიგოთ, რომ მედიცინა და ჰიგიენა არ უპირისპირდება რწმენას. პლანეტის მოსახლეობა ბევრად უფრო ღრმადმორწმუნე იყო, პენიცილინის (ანტიბიოტიკის) გამოგონებამდე და მიუხედავად რწმენისა, მილიონობით ადამიანი იხოცებოდა სხვადასხვა ტიპის ეპიდემიის დროს. განუვითარებელი მედიცინის და ჰიგიენის საშუალებების არარსებობის პირობებში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წელი იყო.
თქვენც გემახსოვრებათ ისტორიული წყაროებიდან, რომ სწორედ სასწაულმოქმედ ხატებზე და ჯვრებზე საწამლავის წასმით კლავდნენ სამეფო კარზე დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს. ხატი, მიუხედავად იმისა, რომ მოპირკეთებული იყო ძვირფასი მეტალით, რომელიც ნამდვილად ნაკლებად იკარებს “ჭუჭყს”, ვერ ახერხებდა საწამლავის განეიტრალებას. მოკლედ, ბრაზის გარეშე სამსჯელოა ეს საკითხი. ბოლოს და ბოლოს ზიარების საიდუმლოში მთავარი “მოქმედი პირი” კოვზი ხომ არაა. და თუ კოვზია, ასეთი ვარიანტი გამოდგება ნეტავ, რომ სპეციალურად შევიძინოთ ვერცხლის კოვზები და ვაკურთხოთ კიდეც და მხოლოდ ზიარებისთვის გამოვიყენოთ?…
…ადამიანი ყოველთვის სწორ გზაზეა, როცა იმას აკეთებს, რისიც სჯერა და სწამს…
მე ადამიანებს შორის პატივისცემა და სიყვარული ასე მესმის, რომ ყველამ ერთმანეთის შიში უნდა გაითვალისწინოს და კომპრომისი გამონახოს. თქვენ რომ გეშინოდეთ პეპლების, რომლებიც მოფრინავენ ნათურის გარშემო, მე ჩავაქრობ ნათურას, ან დავკეტავ ფანჯარას, იმიტომ რომ პატივს გცემთ. მე რომ მეშინოდეს ბუღდაჯანების და გთხოვოთ სინათლეში დაძინება, თქვენ უნდა დამიტოვოთ ანთებული ნათურა და ასე.. რა ვიცი…
მოკლედ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ურთიერთობის და სიყვარულის არცოდნაა. გამოგიტყდებით და მე თვითონ სიკვდილამდე სიკვდილზე ნერვიულობა არაფრით არ შემიძლია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვის შიშს არ ვცე პატივი, ან სხვას არ გავუფრთხილდე. რა უნდა იყოს, რაც სტრესს შეუმსუბუქებს ვინმეს და უპრობლემოდ არ მივიღო…”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.