სასამართლომ ტელეკომპანია “კავკასიის”სარჩელი კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს. ჯანგირაშვილი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ივანიშვილის მედიაჯალათს უწოდებს, რომელიც მედიის გაკონტროლებას ცდილობს და კანონს ყოველდღიურად არღვევს.
“ისედაც კი იცით ყველამ, რა კატასტროფა გვჭირს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მაინც: სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა კავკასიის სარჩელი კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ. ვასაჩივრებდით არა ჩვენს პირად პრობლემას, არც ჯარიმას, არც რამე მყისიერ უბედურებას ტელევიზიისთვის. იყო გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა კანონის დარღვევით,პრეცედენტული საქმე. ბექაურმა თავზე გადაიხია კანონი და თქვა, რომ თვითონ არის კანონი, როცა უნდა ჩაერევა ტელევიზიების საქმიანობაში და რასაც უნდა იმას იზამს. მოსამართლემ თქვა, რომ დიახაც, ასეა და ბექაურის, ანუ ივანიშვილის ცენზურას უნდა დავემორჩილოთ. ჩვენი მხრიდან ეს იყო ტესტი, რამდენად ცუდად არის საქმე და რამდენად ყოვლისმომცველია ივანიშვილის ბოროტება. დიახ, ძალიან ცუდად არის საქმე, უცუდესად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კოშმარი დასრულდეს,”- აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
ტელეკომპანია “კავკასია” კომისიის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლითაც მან ტელევიზიები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განთავსებული პოლიტიკური სარეკლამო რგოლების გამო დაასანქცირა. კომისიამ პოლიტიკური რეკლამის შინაარსის დასარეგულირებლად რეკლამის შესახებ კანონი გამოიყენა, როცა კანონში პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური რეკლამა რეკლამის კანონით არ რეგულირდება. კავკასიის დირექტორი აცხადებდა, რომ კახა ბექაურმა კანონის სრული იგნორირება მოახდინა და პრეცედენტი შექმნა, რათა სამომავლოდ ტელეკომპანიების საქმიანობაში უფრო აქტიურად და პირდაპირ ჩაერიოს.