მოსკოვში 3 აგვისტოს მიტინგზე დაკავებული ბევრი აქტივისტი ამბობს, რომ მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. უფლებადამცველების თქმით ყველა დაკავებულს კითხავდნენ როგორც მოწმეებს მასობრივი არეულობის მოწყობის საქმეში, რომელიც 27 ივლისს, წინა საპროტესტო აქციის დროს აღიძრა. დაკითხვის შემდეგ გამომძიებლები აფორმებდნენ ოქმებს მოწმის ტელეფონის ამოღების შესახებ. ამგვარად ბევრი დაკავებული საკუთარი სმარტფონის გარეშე დარჩა.
ერთერთი დაკავებულის დედა, ანასტასია რომაშკევიჩი ამბობს, რომ ტელეფონის ჩამორთმევის გარდა ტაგანკაზე გადაყვანილ ყველა დაკავებულს ნერწყვის ნიმუშიც აუღეს დნმ ანალიზის ჩასატარებლად. ტაგანკაშიც, ისევე როგორს შინაგან საქმეთა სხვა განყოფილებებში დაკავებულებთან ადვოკატები არ დაუშვეს.
სულ 3 აგვისტოს ვერშემდგარი აქციის დაშლისას, რომელზეც მოსკოვის დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის აკრძალვა უნდა გაეპროტესტებინათ, 600 ადამიანი დააპატიმრეს. ეს არის რუსეთის შსს–ს ოფიციალური ინფორმაცია. თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით რეალურად დაკავებულია ათასი ადამიანი. მათგან მინიმუმ 20 დილამდე შს განყოფილებებში დატოვეს.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა აქციის ორგანიზატორები დაგმო და ისინი არეულობებში მოქალაქეების ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა, რომელთაგან მისი თქმით ბევრს მოსკოვთან საერთო არაფერი აქვთ.
ოპოზიციამ ანალოგიური საპროტესტო აქცია ერთი კვირით ადრე, 27 ივლისსაც გამართა. არცერთი აქცია ქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა და ორივე პოლიციამ და როსგვარდიამ დაშალა. 27 ივლისს დაკავებულთა რიცხვი უფრო მეტი იყო. ოფიციალური ინფორმაციით მაშინ 1300 ადამიანი დააკავეს.
31 ივლისს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მოწყობის მუხლით. შაბათს დღის ბოლომდე ამ მუხლით ბრალდებული უკვე ცხრა ადამიანი იყო. ექვსი მათგანი დაპატიმრებულია. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, უფლებადამცველები კი საქმის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებენ.
საპროტესტო მოძრაობის ბევრი ლიდერი ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდის. მათ შორის არის ალექსეი ნავალნი. გამონაკლისი გახდა დაურეგისტრირებელი კანდიდატი ლუბოვ სობოლი, რომელიც 3 აგვისტოს სულ რამდენიმე საათით დააკავეს. როგორც გაირკვა, ისიც მასობრივი არეულობის საქმეში მოწმედ ითვლება.