შაბათს, როცა მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში სამართლიანი არჩევნების და “მასობრივი არეულობის“ საქმეში დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართებოდა, რუსეთის პრეზიდენტი მოტოკლუბ “ღამის მგლების“ ბაიკერებთან ერთად ყირიმში სეირნობდა.
შაბათს პუტინი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა და რიგით მეთერთმეტე ბაიკ–შოუს “ბაბილონის ჩრდილს“ დაესწრო. სევასტოპოლში გასფორტის მთასთან ის ბაიკერების კოლონასთან ერთად მივიდა.
პუტინს გვერდით მიყვებოდა “ღამის მგლების“ ლიდერი ალექსანდრ ზალდოსტანოვი, მეტსახელად ქირურგი.
ბაიკერის მოტოციკლზე უცნაური სამფეროვანი დროშა იყო აღმართული – გერბით, რომელიც ძალიან გავდა საბჭოთა კავშირის გერბს, თუმცა რუსული ორთავიანი არწივით ნაცვლად ნამგლისა და უროსი.
კრემლის ვებგვერდის ინფორმაციით “ღამის მგლების“ შოუ ყოველთვის პატრიოტული თემატიკისაა.“ ღონისძიებების მომზადებისას ბაიკერები საბჭოთა და რუსული ისტორიის სიუჟეტებს იყენებენ, რომლებიც როგორც წესი სამხედრო გამარჯვებებს უკავშირდება.“
“ღამის მგლებთან“ პუტინი დიდი ხანია მეგობრობს. ისინი უცვლელად მონაწილეობენ პრეზიდენტის მხარდამჭერ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა პუტინის სევასტოპოლში ჩასვლასთან დაკავშირებით. “ეს ვიზიტი, ისევე როგორც წინა ვიზიტები არ იყო შეთანხმებული უკრაინულ მხარესთან. რუსეთის ჩინოვნიკების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა რუსეთის მხარის მიერ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა“–ნათქვამია განცხადებაში.