მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბოდიში მოიხადოს შეიარაღებული ძალების წინაშე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„საქართველოს მთავარსარდალი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს არ ჰყავს და არც ეყოლება არმია. მიგვაჩნია, რომ ეს არის შეურაცხყოფა და შეტევა ამ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ და მხარდაჭერილ სახელმწიფო ინსტიტუტზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ თითოეულ ადამიანს, რომელიც იარაღით ხელში, ფორმით იცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
თითოეული ასეთი ადამიანი არის გმირი, რადგან ისინი საკუთარ სიცოცხლეს წირავენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არსებობდეს.
არმიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება, ეს არის არმიაზე შეტევაც და ეს არის სახელმწიფოს ინსტიტუციონალური ფუნდამენტის გამოთხრაც. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ამას აკეთებს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც უნდა იყოს დაკავებული ჯარის ინსტიტუტის გაძლიერებით.
მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბოდიში მოიხადოს შეიარაღებული ძალების წინაშე, თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრის წინაშე და განსაკუთრებით იმ ჯარისკაცების წინაშე, ვინც ცოტა ხნის წინ ავღანეთში ტერორისტული შეტევის შედეგად დაშავდა”,- განაცხადა ბაქრაძემ.