მსახიობ ეკა ჩხეიძის “თაყვანისმცემელს” 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის”, ინფორმაციით პირს, რომელიც მსახიობ ეკა ჩხეიძეს მასზე ქორწინებას აიძულებდა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ორგანიზაციის ცნობით, პირი, რომელიც მუდმივად ცდილობდა, ჩხეიძის სიახლოვეს ყოფილიყო, მას 2 წლის მანძილზე საშინლად აწუხებდა, დაქორწინებას აძალებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმკვლელობით აშანტაჟებდა. ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტისას, მან ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საფარის იურისტებმა მიიჩნიეს, რომ მოძალადის მიერ ეკა ჩხეიძის მიმართ განხორციელებული ქმედება იყო არა მხოლოდ ქორწინების იძულება, არამედ – ადევნება, რომელიც უკვე წლებია, მის მიმართ მიმდინარეობს.

ეკა ჩხეიძის განმარტებით, რამდენიმე წლის მანძილზე, მას უჩა მიშველაძე ფაქტობრივად გასაქანს არ აძლევდა, არასასურველი კომუნიკაციით აწუხებდა. ბოლო პერიოდში, იგი გახდა აგრესიული, გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ჩხეიძეს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა.

პირს 3 წლის ვადით შეეზღუდა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება.