1960 წლიდან მოყოლებული კლიმატის ცვლილებისა და ტემპერატურის მატების გამო მსოფლიო ოკეანემ ჟანგბადის 2% დაკარგა. 21 საუკუნის დასასრულამდე კი ეს ციფრი შესაძლოა 7%–მდე გაიზარდოს. ასეთ დასკვნამდე მივიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო კავშირი.
ამ პროცესის შედეგად ყველაზე ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ოკეანის მსხვილი მტაცებლები, მათ შორის ზვიგენები, რომლებიც იძულებულნი გახდებიან ზედაპირულ წყლებში გადაინაცვლონ. საკვების მოსაპოვებლად გაზრდილი კონკურენცია კი ბევრი სახეობის ზომის შემცირებას გამოიწვევს და სახეობების გაწყვეტის რისკს გაზრდის.
მადრიდში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე წარდგენილი ანგარიშის მიხედვით იზრდება ე. წ. მკვდარი ზონების ფართობი, სადაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად არასაკმარისი ჟანგბადის გამო ზღვის მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად და სწრაფად მცირდება. ასეთი ზონების რიცხვმა შვიდასს გადააჭარბა, არადა 60 წლის წინ სულ 45 ასეთი ზონა იყო.